
უცხოელი გიდები საქმიანობას აგრძელებენ, ჩვენ კი აღსრულების ბერკეტი არ გვაქვს - "აჭარის გიდების ასოციაცია"
უცხოელი გიდები საქმიანობას აგრძელებენ, ჩვენ კი აღსრულების ბერკეტი არ გვაქვს - ამის შესახებ BMG-სთან „აჭარის გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარე თემურ ზოიძე აცხადებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ადგილობრივი გიდების დასაქმების ხელშესაწყობად, პრაქტიკაში მისი გაკონტროლება კვლავ დიდ სირთულეს წარმოადგენს. ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოელი გიდები საქართველოში საქმიანობას კანონდარღვევით განაგრძობენ.
„ჩვენ გვყავს დაახლოებით, 300-მდე გიდი. ამჟამად, ყველა მოქმედი არ არის, თუმცა, მათ ძალიან ძალიან უხარიათ ამ კანონის მიღება. მაგრამ, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ფიქსირდება, რომ უცხოელი გიდები აგრძელებენ საქმიანობას. ჩვენ, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასოციაცია ვართ და ჩვენ არავითარი უფლება არ გაგვაჩნია, რომ ამ საკითხში პრაქტიკულად ჩავერიოთ.
ამიტომ, საჭიროა, შესაბამისმა დაწესებულებამ უკვე მიიღოს გარკვეული ზომები, რაც ჯარიმებს გულისხმობს. ჯერჯერობით, ეს ორგანიზაცია მე ვერ მივაკვლიე - რომელი ორგანიზაცია აკონტროლებს ამას კონკრეტულად - შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია. რეალური ასეთი ადამიანი მე არ მინახავს - ვთქვათ, ვინც მივა გიდთან და ეტყვის, რომ „თქვენ ხართ უცხოელი გიდი, არ გაქვთ ტურის ჩატარების უფლება, თქვენ მე გაჯარიმებთ“ - აცხადებს თემურ ზოიძე BMG-სთან.
ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზოგიერთ იშვიათენოვან გიდზე უცხოელებისთვის კვოტები უნდა გამოიყოს. მისი თქმით, ისეთ ენებში, როგორიცაა ჩინური, არაბული, ებრაული და გერმანული აჭარაში გიდების დეფიციტია, ამიტომ, თუ ბაზარზე ერთდროულად დიდი რაოდენობით სპეციფიკურენოვანი ტურისტი შემოვა, ადგილობრივი რესურსი მათ სრულად მომსახურებას ვერ გასწვდება.
„უნდა გადავხედოთ, რომელ ენებზე შეგვიძლია სრულფასოვანი მომსახურება. იქ, სადაც პროფესიონალი კადრები არ გვყოფნის, დროებითი დაშვებები უნდა გაკეთდეს, რათა ტურისტული ჯგუფები მომსახურების გარეშე არ დარჩნენ და უკან არ გაბრუნდნენ“ - აცხადებს თემურ ზოიძე.
ასოციაციის თავმჯდომარე გიდების გადამზადების პროცესზეც საუბრობს. მისი თქმით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს ახალი კადრების მომზადება. უკვე გადამზადებულია 50-მდე გიდი, ხოლო კიდევ 32 ამჟამად გადის კურსს.
1 მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებზე აღსრულება ოფიციალურად დაიწყო. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.
ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:
საკურიერო მომსახურება - კვოტა 0;
მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0;
გიდების სერვისი - კვოტა 0.
კანონის ნორმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას. ფინანსური სანქციები გავრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე დასაქმებულებზე, მათ შორის თვითდასაქმებულ უცხოელებზეც.
BM.GE
წყარო: bm.ge