
"უცხოელმა გიდებმა ჩვენი სფერო წალეკეს" - ასოციაცია ახალი რეგულაციის აღსრულებას აკრიტიკებს
საქართველოში შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები უკვე ამოქმედდა, თუმცა “სერტიფიცირებული გიდების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ რეალურად ბაზარზე არაფერი შეცვლილა. ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ უცხოელი გიდები ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობას კვლავ შეუფერხებლად აგრძელებენ, მაშინ როცა ადგილობრივი კადრები შეკვეთებს კარგავენ.
1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს საქართველოში გიდად მუშაობა ეკრძალებათ. თუმცა, ელზა ბებიას თქმით, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის შემდეგაც აღსრულების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„კანონი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზეა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებზე ისევ დიდი რაოდენობით შემოდიან უცხოური ჯგუფები, რომლებსაც არაქართველი გიდები ხვდებიან. დღეს დილით დაახლოებით 60-მდე ჯგუფი შემოვიდა და მათგან მხოლოდ სამს ახლდა ადგილობრივი გიდი“, - განაცხადა მან.
მისი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ჩინურ და კორეულ ბაზრებზე მოქმედი კომპანიები, რომლებიც ტურებს სრულად საკუთარ ქსელში ამუშავებენ - უცხოელი გიდებით, ტრანსპორტით, სასტუმროებითა და პარტნიორი ობიექტებით. შედეგად, ტურისტული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში არ რჩება.
„ეს არის ე.წ. ნულოვანი დოლარის ტურები - ტურისტებს ჰყავთ საკუთარი ტრანსპორტი, საკუთარი სასტუმროები, საკუთარი რესტორნები და პრაქტიკულად ადგილობრივ ეკონომიკაში არაფერი რჩება. ამასთან, ადგილობრივი გიდები მთლიანად გამოთიშული არიან პროცესს“, - ამბობს ელზა ბებია.
ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ კანონის აღსრულება ტექნიკურად რთული არ არის და ამისთვის საკმარისია შრომითი ინსპექციისა და პოლიციის გააქტიურება სასაზღვრო პუნქტებსა და ტურისტულ ლოკაციებზე: „თუ ინსპექტორები დადგებიან საზღვარზე, მცხეთაში, ანანურთან ან ძველ თბილისში, ძალიან მარტივად დაინახავენ, ვინ მუშაობს უკანონოდ. ჯგუფი თავისით არ გადაადგილდება - მას ყოველთვის ახლავს გიდი,“ - აცხადებს ის.
ბებია ყურადღებას ფინანსურ ზარალზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ადგილობრივ სპეციალისტებს წინასწარ დაჯავშნილი ტურებიც უუქმდებათ, რის გამოც შემოსავლის გარეშე რჩებიან.
„მე პირადად 10-დღიანი ტური გამიუქმდა, რომელიც უკვე დაჯავშნილი იყო. აპრილში გაუქმდა ჯავშნები, მაისშიც გრძელდება იგივე. ადამიანები ჰაერში არიან გამოკიდებული და არ იციან როდის დაკარგავენ შემდეგ შეკვეთას“, - ამბობს ის.
მისივე შეფასებით, უცხოელი გიდების დაბალი ანაზღაურება და დემპინგური ფასები ქართულ კომპანიებსაც უბიძგებს თანამშრომლობისკენ, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს.
„უცხოელი გიდები ბევრად იაფად მუშაობენ და კომპანიებისთვის ეს ხელსაყრელია. ზოგი ქართული კომპანიაც მათთან გარიგებაში შედის. სწორედ ამ მონოპოლიური მოდელის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული კანონი“, - აღნიშნავს ასოციაციის პრეზიდენტი.
ელზა ბებია ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს სრული სურათი, რამდენი გიდი მუშაობს ქვეყანაში და რა ენებზე შეუძლიათ მათ საუბარი. მისი თქმით, სავალდებულო რეგისტრაცია ამ ეტაპზე არასაკმარისია, რადგან სპეციალიზაციის მიხედვით მონაცემები არ იკრიბება.
„როცა არ იცი რამდენი ჩინურენოვანი ან კორეულენოვანი გიდი გყავს, კვოტებზე საუბარი ზედაპირულია. ჯერ საჭიროა კვლევა, ბაზრის აღრიცხვა და მხოლოდ ამის შემდეგ, ეფექტიანი რეგულაციები“, - აცხადებს ის.
ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ კანონი რეალურად არ აღსრულდება, ადგილობრივი გიდების ბაზრიდან გაძევების პროცესი გაგრძელდება. მათი თქმით, პირველი ეფექტიანი ნაბიჯი კონკრეტული კომპანიების დაჯარიმება იქნება, რაც ბაზარზე შემაკავებელ ეფექტს შექმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge