
ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში ყველს უკანონოდ აწარმოებდნენ - ყველი დაილუქა, წარმოება შეჩერდა | სეს
ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში ბიზნესსუბიექტები ყველს უკანონოდ აწარმოებდნენ. ამის შესახებ იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გახდა ცნობილი, როდესაც ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე), ჰ. ა-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) ყველის საწარმოები შეამოწმეს.
"ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფიზიკური პირის მ. ქ-ის (წყალტუბო, სოფელი ქვიტირი) საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა; დარღვეული იყო ასევე ტექნოლოგიური პროცესი და ეტიკეტირების წესი.
ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ", - წერია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
BM.GE
წყარო: bm.ge