
ვებგვერდის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ფასდაკლებული პროდუქტების აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს
ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი - ekalata.gov.ge-ს ამოქმედების შემდეგ, კონკურენციის სააგენტოში პლატფორმისთვის სპეციალური აპლიკაციის შექმნასაც აანონსებენ. ამის შესახებ GCCA-ს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ვადებში იგეგმება.
მისივე ინფორმაციით, ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს სატელევიზიო ფორმატითაც შეეძლებათ.
„დღეიდან პლატფორმა ხელმისაწვდომია საქართველოში ყველა მოქალაქისთვის. ის არის როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. აღნიშნული პორტალით სარგებლობა ტელეფონებითაც შესაძლებელია, თუმცა ამასთან დაკავშირებით მომავალში სპეციალური აპლიკაციის შექმნა იგეგმება.
რაც შეეხება ელექტრონული სივრცის გარდა სხვა წყაროებს, საიდანაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიძლება ინფორმაცია მიიღონ - ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე მაუწყებელთან და საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება სატელევიზიო ფორმატითაც გარკვეული პერიოდულობით მოხდება“, - განაცხადა ლექვინაძემ.
როგორც მან ვებგვერდის წარდგენისას აღნიშნა, ekalata.gov.ge-ზე განთავსებულია საქართველოში მოქმედი ლიდერი სუპერმარკეტების ქსელებში 13 დასახელების საბაზისო სასურსათო პროდუქტზე საუკეთესო შემოთავაზებები.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სურსათის ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე შესწავლილი იქნა FMCG-ს სექტორი კომპლექსურად და იქნა წარმოდგენილი მოკლევადიანი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი სტრატეგია. მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი იყო მარკეტების ქსელების მიერ ორგანიზება ძირითად სასურსათო პროდუქტებზე საუკეთესო შემოთავაზებები საკუთარ ქსელებში. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ერთიან ელექტრონულ სივრცეში აღნიშნული შემოთავაზებების თავმოყრა, რადგანაც მოქალაქეებს ჰქონოდათ წინასწარ ინფორმაცია, რომ შეეძლოთ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი კონკრეტულ პროდუქტზე ან პროდუქტების ჯგუფზე, ანუ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტიდან, სად არის საუკეთესო შემოთავაზება.
ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი, ერთი მხრივ ხელს შეუწყობს მოქალაქის ინფორმირებას და მათ მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, მეორე მხრივ, ქსელებს შორის ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კონკურენციას, რადგანაც ინფორმაციას პორტალი იღებს ქსელებისგან და ეს არის ყოველდღიური განახლებების რეჟიმში. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებლის მხრიდან ზემოქმედების ბერკეტს და ძალაუფლებას, რასაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქსელებს შორის კონკურენციის მხრივ“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge