![ვეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2026%2F11%2F16%2F328635%2Flevan-darsalia_w_h.jpeg&w=3840&q=75)
ვეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დარსალია აცხადებს, რომ მთის კურორტებზე საბაგიერობის აბონიმენტების ახალი ტარიფის შედგენისას გაითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების მხარჯველუნარიანობა და ქართველებისთვის რაღაც კუთხით სუბსიდირებული ტარიფი მოქმედებს.
,,ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რაღაც კუთხით სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო", - განაცხადა ლევან დარსალიამ.
საბაგიროების აბონენტის გაძვირებასთან დაკავშირებით, მას გუდაურის 1-დღიანი აბონემენტის ფასი მოჰყავს და განმარტავს:
"კომერციულად რომ შევხედოთ, როგორც კომპანიას ჩვენ, რომ ვყოფილიყავით პირობითად მოგებაზე ორიენტირებული კომპანია, როგორც სხვა კერძო კომპანიები და კერძო კურორტების ოპერატორები, თანხა იქნებოდა 90 ლარზე დაახლოებით 30%-ით 35%-ით მეტი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის სწორედაც ის ტარიფი იქნებოდა დაწესებული, რაც უცხოელი დამსვენებლებისთვის - 120 ლარი. შესაბამისად გათვალისწინებული იქნა ქართველი ტურისტისთვის ხარჯვით უნარიანობა, უცხოელი ტურისტისთვის ხარჯვით უნარიანობა. 120 ლარი წარმოადგენს დაახლოებით 40 ევროს“, - აცხადებს ლევან დარსალია.
მისივე თქმით, სააგენტომ გააკეთა საკმაოდ დიდი ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ევროპის კურორტებთან, ასევე რეგიონის კურორტებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები.
„ამ პირობებშიც კი ჩვენ ვართ ხელმისაწვდომი ფასების მქონე ქვეყანა იმ ინფრასტრუქტურის კვალობაზე, რასაც საქართველოს სთავაზობს საერთაშორისო დამსვენებელს“, - აღნიშნა ლევან დარსალიამ.
მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების და ბავშვების ხელშეწყობაა და ამიტომ მთის კურორტებზე ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ამასთან, მისი თქმით, სპორტსკოლებისთვის სხვა ტარიფია განსაზღვრული.
„მთავარია, ბავშვებისთვის მაქსიმალურად შესაძლებლობის მიცემა, რომ ისრიალონ, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი წელს იყო გუდაურში ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ახალბედებისთვის სნოუპარკის დამწყებების არეალის განვითარება. ბავშვებზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება. სპორტსკოლებისთვის ჩვენ განვსაზღვრეთ სხვა, განსაკუთრებული ტარიფი. შესაბამისად, სპორტსკოლებს რამდენიმე დღის წინ წერილობითაც ეცნობათ ამის შესახებ - 25 ლარი არის დაწესებული, სტანდარტული 50%-იანი ფასდაკლებისგან განსხვავებით, იმოქმედებს დღიური 25 ლარიანი ტარიფი“, - აღნიშნა ლევან დარსალიამ.
2026-2027 წლების სეზონზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიერობის აბონემენტები ძვირდება. საქართველოში 4 მთის კურორტზე ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 ნოემბრიდან იხსნება. მაგალითისთვის, გუდაურში თუ ერთი საბაგიროთი სარგებლობის ერთი დღის სააბონენტო როგორც ქართველებისთვის ისე უცხოელებისთვის გასულ სეზონზე 70 ლარი ღირდა, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე ქართველებისთვის 90 ლარი, უცხოელებისთვის კი 120 ლარი ეღირება. სეზონური აბონემენტი კი ოთხივე კურორტზე ორივე შემთხვევაში კი 650-დან 1000 ლარამდე გაძვირდება. ბავშვების შემთხვევაში ის 500 ლარი ეღირება, ნაცვლად გასულ წელს არსებული 325 ლარისა.
BM.GE
წყარო: bm.ge