
ვფიქრობ, 2026 წელი შემოსავლებით და ტურისტული ნაკადებით 5-7%-ით გადაუსწრებს წინა წელს - გიორგი დოლიძე
საქართველოში ტურისტული სეზონი პიკურ ფაზაში შევიდა. HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის გიორგი დოლიძის განცხადებით, სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი ამჟამად 90-95%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით როგორც ვიზიტორთა რაოდენობის, ისე შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
როგორც გიორგი დოლიძე BMG-სთან აცხადებს, მოთხოვნის ზრდა საფასო პოლიტიკაზეც აისახა და საშუალო კლასის სასტუმროებში ფასები 5%-ით, ხოლო მაღალი კლასის ობიექტებში დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა.
„წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია და ფასებიც მომატებული. ძალიან კარგი ტენდენციები ჩანს უახლოესი თვეების ჭრილში - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლომდეც დატვირთვა იქნება წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებით“, - აცხადებს გიორგი დოლიძე BMG-სთან.
მისივე თქმით, შეინიშნება ბაზრების დივერსიფიკაციაც, კერძოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ისრაელის პარალელურად, გააქტიურებულია ევროპის მიმართულება, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი და სკანდინავიის ქვეყნები, რაც პირდაპირი ავიარეისების დამატებით არის განპირობებული. ასევე იზრდება ინტერესი აზიიდან (ჩინეთი, კორეა, იაპონია) და აშშ-დან.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მიღება, რადგან ამ მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე, ვიზიტების მხრივ, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც არიან გააქტიურებული და მთლიანობაში, ძალიან კარგი და დივერსიფიცირებული ბაზარი გვაქვს. მიუხედავად მარტის შეფერხებებისა, ვფიქრობ, რომ 2026 წელი, როგორც შემოსავლების, ისე ტურისტული ნაკადების კუთხით 5-7%-ით გადაუსწრებს 2025 წლის პერიოდს“ - აცხადებს გიორგი დოლიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge