
ვფიქრობთ, წლის ბოლოს მინიმუმ $7.2 მილიარდზე უნდა ავიდეს საერთაშორისო რეზერვები - ლაშა ქავთარაძე
Galt&Taggart-ის მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 7,2 მილიარდ დოლარზს მიაღწევს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
მან ვალუტის კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის გამყარების ტრენდი მზარდ სავალუტო შემოდინებებს [ექსპორტი, გზავნილები, ტურიზმიდან შემოსავალი] უკავშირდება.
ეკონომისტრი სწორედ რეზერვების ადეკვატურ დონეს უკავშირებს იმას, რომ რეგიონში მომხდარ ესკალაციას ლარის კურსზე ისეთი მკვეთრი გავლენა არ ჰქონია, როგორც ეს წინა შოკების დროს ხდებოდა.
"ლარი წლის დასაწყისიდან დღემდე 1%-ით გამყარდა და აი ამ გამყარების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა ოთხ თვეში 833 მილიონი დოლარის შესყიდვა განახორციელა. მარტში იყო დაპაუზებული, გამომდინარე ირანის ესკალაციიდან, რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია განწყობებზე, ხოლო აპრილიდან ეს შესყიდვები საკმაოდ ძლიერად გაგრძელდა, 333 მილიონი დოლარის შესყიდვა იყო და მაისში, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შესყიდვა იქნება, ბევრად მაღალი ვიდრე აპრილში გვქონდა.
ამის ფონზე, რომ ლარი ასეთი გამყარების ტრენდით წავიდა უკვე მარტის შუა რიცხვებიდან და რეზერვების სავალუტო ბაზარზე შესყიდვები გააქტიურდა, ვფიქრობთ რომ წლის ბოლოს მინიმუმ 7.2 მილიარდ დოლარზე უნდა ავიდეს ჩვენი საერთაშორისო რეზერვები, რაც ძალიან კარგი არის და სხვათა შორის ამ ფაქტორს პოზიტიური გავლენა აქვს ბაზრის განწყობებზე. თუნდაც მაგალითად რომ გავიხსენოთ კრიზისები ან ესკალაციები და როდესაც ლარის რეაქცია მყისიერი იყო და შესაბამისად გაუფასურების ტემპიც საკმაოდ მაღალი იყო, ეხლა უკვე, როდესაც რეზერვების დონე სოლიდურ ადეკვატურ დონეზე იყო და მოხდა მაგალითად რეგიონში ესკალაცია, ლარის რეაქცია ამაზე არ ყოფილა იმ მასშტაბის, რაც წინა პერიოდებში იყო, მხოლოდ 2,7%-იანი გაუფასურება ჰქონდა და სწრაფადვე შემოტრიალდა გამყარების მიმართულებით",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.
მან აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ნარჩუნდება და ეს შესაძლოა გადაითარგმნოს მათ მიერ პროგნოზირებულ 7%-ზე მაღალ ზრდაში.