
"ვგეგმავთ რეგიონულ გაფართოებას" - Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
Galt&Taggart-ი რეგიონულ გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა ევა ბოჭორიშვილმა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, 2026 წლის გეგმებში სხვა მიმართულებებიც შედის, მათ შორისაა სექტორული კონფერენციებიც.
"2026 წელს გვაქვს შემდეგი გეგმები: პირველი არის, რა თქმა უნდა ის, რომ გავაგრძელოთ სიღრმისეულ ანალიზი და ბიზნესზე კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა. მეორე, რა თქმა უნდა, ვუყურებთ ეკონომიკას და ვხედავთ სხვადასხვა შესაძლებლობას და ამ დინამიკას ჩვენ უნდა ავყვეთ. მესამე - ვგეგმავთ რეგიონულ გაფართოებას, იმიტომ რომ ჩვენ სერვისების ეკონომიკა გვაქვს, დაგვიგროვდა ექსპერტიზა და ჩვენი ცოდნა გვინდა, რომ გავავრცელოთ ასევე რეგიონის - კავკასიის და ცენტრალური აზიის ეკონომიკებზე და მეოთხე, რა თქმა უნდა კონფერენციები. წლის მეორე ნახევრიდან ძალიან საინტერესო და ისეთ სექტორებზე ვაპირებთ კონფერენციების გაკეთებას, რომელშიც ვხედავთ დიდ პოტენციალს, თუმცა ჯერ სიღრმისეულად არ არის დაფარული", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს Galt&Taggart-მა უკვე გამართა 11 კონფერენცია და სხვადასხვა ღონისძიება. "გამოვარჩევდი აგროკონფერენციას, ამ სექტორზე სიღრმისეული კვლევა პირველად ჩატარდა, შევიმუშავეთ ინდექსი... ასევე გამოვარჩევდი ელ-კომერციის კვლევას, რომლის ინტერესიც არის საკმაოდ გაზრდილი", - დასძინა მან.
ევა ბოჭორიშვილის თქმით, Galt&Taggart-ი კვლევების რაოდენობით გამორჩეულ ნიშას ატარებს. წლიურად 200-ზე მეტ საჯარო კვლევას აქვეყნებენ, ამას ემატება დაახლოებით 100 ისეთი კვლევაც, რაც იქმნება ორგანიზაციისთვის და მომხმარებლებისთვის შიდა მოხმარებისთვის.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან, საქსტატთან, ვიყენებთ საერთაშორისოდ ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზებს, მაგრამ ბევრი მიმართულებით გვიწევს მონაცემების ნულიდან შექმნა. ეს მოიცავს როგორც კომპანიების გამოკითხვებს, ასევე, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, ცნობისმოყვარეობას, ბანკის შიდა მონაცემებს. წლების განმავლობაში ეს მონაცემები გროვდება. ეს არის ის აქტივი, რაც ჩვენს კვლევებს უნიკალურობას ანიჭებს. რამდენიმე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. მაგალითად, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვა, სადაც ჩვენ ყოველთვიურად 100-მდე მეტი პროექტის გამოკითხვა გვაქვს და რეალურ დროში ვუყურებთ რა ხდება ბაზარზე, იმიტომ რომ ოფიციალურ სტატისტიკას გარკვეული დაგვიანებითი ეფექტი აქვს. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ყოველკვარტალური გამოკითხვა... მონაცემები FMCG სექტორში, მათ შორის ტურიზმის სექტორში და სხვა მიმართულებით... ეს არის ის უნიკალურობა და ღირებულება, რასაც ჩვენ ვქმნით და ბიზნესს ვაწვდით კონკრეტულ რეკომენდაციებს, საით რა შესაძლებლობებია", - განაცხადა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge