
ვინ არის ერეკლე გუგავა, რომელსაც აშშ $1.3 მილიარდიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობას ედავება
მასაჩუსეტსის ოლქის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს, ერეკლე გუგავას $1.3 მილიარდის ოდენობის თანხის თაღლითობის გზით დაუფლებისა და ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
არსებული ინფორმაციით, გუგავა ფულს ათეთრებდა რუსეთსა და სხვა სახელმწიფოებში მოქმედი იმ ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციისთვის, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამედიცინო აფერა განახორციელა.
საუბარია საერთაშორისო ქსელზე, რომელიც მიზნად შტატების ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა Medicare-ისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების გაძარცვას ისახავდა.
სქემის ფარგლებში, გუგავამ პენსილვანიის შტატში სამედიცინო აღჭურვილობის კომპანია ND Medical Solutions-ი დაარეგისტრირა და მართვის ხუთთვიან ვადაში Medicare-სა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს $1.3 მილიარდის ღირებულების ყალბი მოთხოვნები წარუდგინა.
კერძოდ, ის იყენებდა ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკის მოქალაქეების მოპარულ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა სახელითაც აგზავნიდა განაცხადებს და სადაზღვევო კომპანიებს სთხოვდა, თანხა ND Medical Solutions-ის, როგორც შშმ პირთა და ასაკოვანთა წარმომადგენლის ანგარიშზე ჩაერიცხათ.
თაღლითური სქემის მოქმედების პერიოდში ფირმის ანგარიშებზე ჯამურად $6.5 მილიონი გადაირიცხა.
გუგავას მიერ სქემის ამოქმედებიდან 5 თვეში, 2025 წლის ივლისში სადაზღვევო კომპანიებს მოქალაქეებმა პირველად მიმართეს. მათ საეჭვოდ ეჩვენათ ფაქტი, რომ მათ სახელზე კონკრეტული გადარიცხვები იყო განხორციელებული. პირველი საჩივრის შეტანიდან მალევე შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა საქმე ოფიციალურად აღძრა.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, გუგავას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისშივე გუგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.
BM.GE
წყარო: bm.ge