
თბილისში კაფე-ბარებსა და თელავის მარკეტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა | სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში ორ კაფე-ბარსა და თელავის მარკეტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. ამასთან, თბილისში ხორცის სარეალიზაციო ობიექტი ვადაგასული სურსათის რეალიზაციისა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირება ჩაატარეს შპს "ვერაში", რომელიც ზანდუკელის ქუჩის N17-ში მდებარეობს. შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა შპს "ოდა 2025"-ის კაფე-ბარშიც, რომელიც ფერმწერთა ქუჩის N33-სა და ავთო ვარაზის ქუჩის N41-ში მდებარეობს. სააგენტოს ცნობით, ობიექტში არაგეგმური ინსპექტირება სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე ჩატარდა. შემოწმებისას ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.
დარღვევები დაფიქსირდა ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩის N16-ში მდებარე შპს „ლივიას“ ხორცის სარეალიზაციო ობიექტშიც. დოკუმენტური შემოწმების შედეგად გამოვლინდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტი. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული პროდუქცია კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დარღვევები თელავშიც გამოავლინეს. აღმაშენებლის ქუჩის N43-ში მდებარე მარკეტში, სადაც მზა კერძებიც მზადდებოდა, სახელმწიფო კონტროლისას კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. სააგენტოს ცნობით, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით დაირღვა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ასევე, ბაზარზე განთავსებული იყო ვადაგასული სურსათი.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, მარკეტს კი მზა კერძების წარმოებისა და რეალიზაციის პროცესი შეუჩერდა. ვადაგასული სურსათი დაილუქა შემდგომი განადგურების მიზნით.
BM.GE
წყარო: bm.ge