ვინ არის იური ბალაშოვი, რომელიც "რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელობს?
რუსულ-ქართული დიალოგის სამთავრობო დონეზე განახლებამდე, როგორც გაირკვა, ქართულ მხარეს კომუნიკაცია „რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს“ თავმჯდომარე მიხეილ ბალაშოვთან ჰქონდა. თავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ტექნიკური დონის მოლაპარაკებებზე“ იური ბალაშოვმა ქართველებს განუცხადათ, რომ რუსეთი დასანქცირებულ 7 ქართულ კომპანიას სანქციებს მოხსნიდა. ნაცვლად ამისა მინსკში ჩასული რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი სამშობლოში "გაოცებული და გაოგნებული" დაბრუნდა - მიხეილ გალუზინმა მას სანქციების მოხსნის ნაცვლად, კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირება დაუანონსა.
ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის საბაბს აბსურდული უწოდა და უფრო მეტიც, ამ გადაწყვეტილებაში „დიფ სთეითის“ ჩართულობის შესაძლებლობაზეც განაცხადა.
როგორც აღვნიშნეთ ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრას კი წინ იური ბალაშოვის დაპირება უძღოდა...
ვინ არის იორი ბალაშოვი?
იური ბალაშოვის სახელი საქართველოს კონტექსტში 2023 წლის თებერვლიდან ჩნდება, როდესაც ის „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ თავმდჯომარედ დაინიშნა.
ღია წყაროებში მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია, თუმცა ცნობილია ის, რომ საბჭოში მისვლამდე ბალაშოვი რამდენიმე კომპანიაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. რუსული მედიის ცნობით, ბალაშოვი იყო კომპანია „ИК Румб“-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტი. „ИК Румб“ მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაშია რეგისტრირებული და ძირითადად სანავიგაციო, მეტეოროლოგიური და გეოდეზიური აღჭურვილობის წარმოებით არის დაკავებული.
მანამდე იური ბალაშოვი წილებს ფლობდა ასევე არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობის კომპანია „ალფაპურეოში“, რომელიც დღეისთვის ლიკვიდირებულია, ასევე ლიკვიდირებულ კომპანიებში „სტროიმონოლითში“ და „ვინოლიოში“.
ჯერ კიდევ 2023 წელს, „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ თავმჯდომარე იური ბალაშოვი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში პრობლემებს ვერ ხედავდა და აცხადებდა, რომ მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა, ავიარეისების განახლება და საბაჟო პროცედურების გაციფრულება იყო. „მიმაჩნია, რომ ამჟამად მთავარ გამოწვევას ლოგისტიკა წარმოადგენს, რადგან თვეების განმავლობაში საბაჟოებზე სატვირთოების შეფერხება სრულიად მიუღებელია. შესაბამისად, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება - როგორც სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით, ისე სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანზიტო გზის გახსნა - ამ ეტაპზე უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.
მეორე პრიორიტეტული მიმართულება ავიამიმოსვლის აღდგენაა [რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2023 წლის მაისში განახლდა]. ჰუმანიტარული დერეფნის არსებობა მისასალმებელია, თუმცა მიმაჩნია, რომ საჰაერო მიმოსვლა სრულფასოვნად უნდა გაიხსნას. ამის საჭიროებას თავად არსებული ვითარება განაპირობებს, ვინაიდან ადგილზე რუსეთის მრავალი მოქალაქე იმყოფება და შემოვლითი მარშრუტებით გადაადგილება თავის აქტუალობას კარგავს.
მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც უკვე აღვნიშნე, გაციფრულებაა. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღებისა და ტვირთბრუნვის დაჩქარების თვალსაზრისით. ეს პირდაპირ უკავშირდება საბაჟო გადასახადების ადმინისტრირებასა და სასაზღვრო პროცედურების სწრაფ გაფორმებას. თანამედროვე ციფრული ეკონომიკის დანერგვა დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - აცხადებდა 2023 წლის თებერვალში იური ბალაშოვი.
რუსულ-ქართული საქმიანი საბჭო 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეიქმნა. საბჭოს მიზანი, მათივე განცხადებით, საბჭოს მიზანი რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად ახალი შესაძლებლობების შექმნაა.
