მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ სარგებლობს სუბსიდიებით?|ვასილ მანაგაძე ჭარბის ყურძნის შესყიდვის ახალ წესსა და "მესპირტეების" ინტერესებზე
ვინ სარგებლობს სუბსიდიებით?|ვასილ მანაგაძე ჭარბის ყურძნის შესყიდვის ახალ წესსა და "მესპირტეების" ინტერესებზე

ვინ სარგებლობს სუბსიდიებით?|ვასილ მანაგაძე ჭარბის ყურძნის შესყიდვის ახალ წესსა და "მესპირტეების" ინტერესებზე

BM.GE18 ივლისი, 2026, 23:20|bm.ge

მთავრობის მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვის ახალი - სამსაფეხურიანი მოდელი, რომელიც ყურძნის ფასს შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრავს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის კრიტიკის საგანია. ვასილ მანაგაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი მიდგომა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სუბსიდირების პოლიტიკას ვერ დაასრულებს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, სინამდვილეში, ყოველწლიური მრავალმილიონიანი ხარჯი არა - რიგითი გლეხების/ფერმერების, არამედ - კონკრეტული ბიზნესჯგუფების ინტერესებს ემსახურება.

ხელოვნურად შექმნილი ჭარბმოსავლიანობა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

ჟურნალისტის კითხვაზე - არის თუ არა სახელმწიფო გარკვეულწილად პასუხისმგებელი შექმნილ ჭარბმოსავლიანობაზე, ვასილ მანაგაძე პირდაპირ პასუხობს, რომ ხელისუფლება „გარკვეულწილად კი - არა, პირდაპირ არის დამნაშავე“.

მისი თქმით, წლების განმავლობაში სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდებოდა ახალი ვენახების გაშენება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ჭარბი მოსავალი, რომელიც კერძო სექტორს არ სჭირდება და მთავრობა, გადასახადების გადამხდელების ფულით, ყიდულობს და შემდეგ საბრენდე სპირტს და ღვინო მასალას აწარმოებს.

საქმე ის არის, რომ მხოლოდ 2025 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს “მოსავლის მართვის კომპანიამ” მევენახეებისგან, კერძო სექტორისგან ჩაუბარებელი 145 742 918 კგ. ყურძენი შეისყიდა, რისთვის ბიუჯეტიდან 247 მლნ ლარი დაიხარჯა. მიღებული ყურძნით კი, 100 583 800 ლიტრი ღვინო-ლექი მიიღეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, “აღნიშნული რაოდენობიდან აუქციონის წესით გაყიდულია 1 500 000 ლიტრი ღვინო-ლექით, დარჩენილი 99 083 000 ლიტრი გამოხდილია და მიღებულია 10 043 450 ა/ა საბრენდე სპირტი, საიდანაც 10 მლნ ლიტრი უკვე გაიყიდა.

ვასილ მანაგაძეს პარალელი მოჰყავს 2008 წლის პერიოდთან, როდესაც რუსული ემბარგოსა და ომის ფონზე, სუბსიდიის მთლიანი ბიუჯეტი მხოლოდ 5 მილიონი ლარი იყო, ექსპორტი კი - 17 მილიონი ბოთლი. დღეს კი, როდესაც მხოლოდ ღვინის ექსპორტი 150 მილიონ ბოთლს შეადგენს, მისი აზრით, მილიონების ხარჯვა ალოგიკურია.

"როგორც ღვინის, ისე ბრენდის დასამზადებლად კერძო კომპანიებს სჭირდებათ ნედლეული - ანუ ყურძენი… რადგან ბიზნესს ყურძენი რეალურად სჭირდება საკუთარი წარმოებისთვის და მისგან დიდ მოგებასაც ნახულობს, ბუნებრივი საბაზრო ლოგიკით, თვითონვე უნდა ყიდულობდეს მას ფერმერებისგან, ყოველგვარი დახმარების გარეშე. აქედან გამომდინარე, სრულიად აბსურდია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავს იმ ნედლეულის შესასყიდად, რომელსაც წარმატებული კერძო ბიზნესი ისედაც თავისი ფულით უნდა ყიდულობდეს”, - ამბობს ვასილ მანაგაძე და იქვე დასძენს, რომ “სუბისდირება, რეალურად საბრენდე სპირტის ბიზნესმენებისთვის კეთდება”.

“ბიუჯეტიდან სუბსიდიებით “მესპირტეების”’ ბიზნესი ფინანსდება”

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ღიად აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ანუ გადასახადების გადამხდელების ფულით, რეალურად, მსხვილი მესპირტეების კომფორტი და მათი ბიზნესი ფინანსდება.

მისი თქმით, შარშან სახელმწიფო კომპანიის მიერ შესყიდული 145 000 ტონა ყურძენი ამის საუკეთესო მაგალითია:

"ეს სუბსიდირება რეალურად არ კეთდება ფერმერებისთვის, გლეხებისთვის და მევენახეებისთვის. ეს კეთდება საბრენდე სპირტის ბიზნესში არსებული ბიზნესმენებისთვის, ეს მათთვის არის სუბსიდია და ამის მკაფიო მაგალითი არის სახელმწიფო კომპანია, რომელმაც 145 000 ტონა ყურძენი იყიდა - სად წავიდა ის სპირტი? ვინ იყიდა? - ამ კითხვებზე პასუხი არის უმარტივესი გზა, ვნახოთ, ვის ინტერესში არის კერძო სექტორისგან ჩაუბარებელი ყურძნის მოსავლის სახელმწიფოს მიერ შესყიდვა", - აცხადებს ვასილ მანაგაძე.

ღვინის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, თუ როგორ მუშაობს ეს სქემა პრაქტიკაში და მისი აზრით, რატომ შედის გარკვეული ჯგუფების ინტერესში ყურძნის ჭარბი მოსავლის არსებობა:

"ჭარბი მოსავლის არსებობა, რეალურად, გარკვეული ჯგუფების ინტერესში არის, რომ არსებობდეს, რათა სახელმწიფო შემოვიდეს ამ დარგში - იყიდოს ეს ჭარბი ყურძენი და მერე, საბოლოო ჯამში, ამას ჩვენ მივყავართ იქამდე, რომ რეალურად ამ კომპანიებს და ამ პირებს საბრუნავი თანხის დახარჯვაც არ უნდათ. მთელ შავ სამუშაოს თავისი ფულით ანუ ხალხის ფულით აკეთებს სახელმწიფო”, - აღნიშნა ამან.

ჟურნალისტის რეპლიკას - “ამ ეჭვებს მეტი მტკიცებულება სჭირდება” - რესპონდენტმა ასე უპასუხა: “ფაქტია, 10 მლნ ლიტრი სპირტი გაყიდა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და თქვან, ვინ შეიძინა და რა პირობებით”.

როგორ უნდა დააღწიოს ქვეყანამ თავი რთველის სუბსიდირებას?

ვასილ მანაგაძის აზრით, მთავრობის მიერ ყურძნის ფასის სამ კატეგორიად დაყოფა შინაარსობრივად არაფერს ცვლის, რადგან ხარჯი მაინც გადასახადების გადამხდელებზე გადადის.

"ფერმერისთვისაც და ბიუჯეტისთვისაც, საბოლოო ჯამში, რიცხვები უცვლელი რჩება”, - ასეთია ღვინის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ ჭარბი ყურძნის შესყიდვის მაქსიმალური და მინიმალური ფასის გაცხადებით, მთავრობა ბაზარს, ფაქტობრივად, ფასს კარნახობს.

ვასილ მანაგაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი არა - ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის სუბსიდირებაში გადაყრა და ბაზრისთვის ფასების კარნახია, არამედ საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, სტრატეგიული მიმართვა.

მისი ხედვით, გამოსავალი ვენახების სტრუქტურულ გარდაქმნაშია, რაც გულისხმობს დღეს არსებული არამოთხოვნადი ან ჭარბი ჯიშების ნებაყოფლობით ჩანაცვლებას სპეციალური, ევროპული საბრენდე ჯიშებით (მაგალითად, ფრანგული უნი ბლანით ან ესპანური აირენით).

“ამ შემთხვევაში, მსხვილი მესპირტეები გლეხებთან წინასწარ გააფორმებდნენ გრძელვადიან კონტრაქტებს და ბიუჯეტს აღარ მოუწევდა ყოველ შემოდგომაზე ჭარბი მოსავლის იძულებითი შესყიდვა”, - აღნიშნა მან.

“ვაზის გაჩეხა” ანუ ვენახების სტრუქტურული გარდაქმნა

ვასილ მანაგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პოპულიზმზე და ღიად დაიწყოს საუბარი ვენახების სტრუქტურულ გარდაქმნაზე, რასაც დარგში “ვაზის გაჩეხას” უწოდებენ. მისი თქმით, არარენტაბელური ვენახების გაჩეხა და ჩანაცვლება მსოფლიოში აპრობირებული, აბსოლუტურად ნებაყოფლობითი პრაქტიკაა და ამის მაგალითად ევროპული, კერძოდ, საფრანგეთის გამოცდილება მოჰყავს:

"მე არ მეშინია, რომ ეს ჩანაცვლების პროგრამა თამამად და ხმამაღლა დაადეკლარიროს სახელმწიფომ... საფრანგეთში, ბორდოში, პირობითად, 6000 ევროს უხდიან ფერმერს ერთი ჰექტარი ვენახის გაჩეხვაზე ანუ ეს არის მოლაპარაკებადი თემა... ხომ ბევრად სჯობს ბიუჯეტის ფული ამ [კომპენსაციებსა და ჩანაცვლებაში] დაიხარჯოს, ვიდრე ყოველწლიურად კონკრეტული ადამიანების ბიზნესინტერესებს მოხმარდეს?! აი, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი“, - აცხადებს ვასილ მანაგაძე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ასკვნის, რომ თუ სახელმწიფო კერძო სექტორს (მესპირტეებს) ალტერნატიულ, სპეციალიზებულ ნედლეულს შესთავაზებს და ფერმერსაც დაეხმარება არარენტაბელური ვენახის გადაიარაღებაში, ბაზარი თავადვე დაარეგულირებს ფასებს, მაგრამ ვასილ მანაგაძეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, მეღვინეობის დარგში, ევროპული მიდგომების დანერგვის იმედი არ აქვს.

„სანამ სისტემური რეფორმების გატარების პოლიტიკური ნება არ იარსებებს, მანამდე არაფერი შეიცვლება. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირში შესვლით ქართული მეღვინეობის დარგი ჩამოიშლება, ევროპული მიდგომების იმედი არც უნდა გვქონდეს. ეს არის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა - თითქოს ევროინტეგრაცია მეღვინეობის სექტორს დაანგრევს. დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და, შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოც ამ რეალობას ექვემდებარება. სწორედ ამგვარი ხედვის გამო ნარჩუნდება ძველი, საბჭოთა მიდგომები და არაჯანსაღი ურთიერთობები მევენახეობა-მეღვინეობის დარგში”, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამხრეთ აფრიკა 36 მილიონი ბარელი ნავთობის რეზერვის შექმნას გეგმავს

სამხრეთ აფრიკა 36 მილიონი ბარელი ნავთობის რეზერვის შექმნას გეგმავს

BM.GE

ახალი საწარმო ₾6-მილიონიანი ინვესტიციით და ექსპორტი ისრაელში|„მადამ დე"-ს გეგმები

ახალი საწარმო ₾6-მილიონიანი ინვესტიციით და ექსპორტი ისრაელში|„მადამ დე"-ს გეგმები

BM.GE

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბის ძირითადი ნაწილის გაყვანა დასრულდა

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბის ძირითადი ნაწილის გაყვანა დასრულდა

BM.GE

იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ერთი დაკარგულად ითვლება - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ერთი დაკარგულად ითვლება - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

BM.GE