
ვის და როგორ აუნაზღაურდება ყურძნის ახალსა და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა - განკარგულება
ყვარელში მევენახეების მიერ დაწყებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები და წესი 22 სექტემბერს შეცვალა, რომლის შესახებ განკარგულებაც საჯარო გახდა. მთავრობის ახალი განკარგულებით, ცვლილებები შევიდა „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავების ტარიფებში.
საქმე ის არის, რომ სექტემბერში ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეები აქციას მართავდნენ. 22 სექტემბერს, ნაშუადღევს, პროტესტის მეორე დღეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გურჯაანში, რთვლის საკოორდინაციო შტაბში განაცხადა, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შევიდოდა. ასევე, დაიწია ხარისხის მაჩვენებლის მოთხოვნამაც.
გარდა ამისა, გადაწყვეტილება ითვალისწინებს სხვაობის ანაზღაურებას იმ ფერმერებისთვის, რომლებმაც ყურძენი ახალი ტარიფების ამოქმედებამდე, შედარებით დაბალ ფასად უკვე ჩააბარეს.
მთავრობის განკარგულებით, „მოსავლის მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს თანხის გაცემას იმ მევენახე ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც კახეთის რეგიონში მოწეული ყურძენი ახალი განკარგულების ამოქმედებამდე ჩააბარეს დადგენილზე ნაკლებ ფასად.
ანაზღაურება გაიცემა ვენახების ერთიან კადასტრის ამონაწერში აღნიშნულ მევენახეებზე, რთვლის აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე. კომპანია ფერმერებს აუნაზღაურებს ჩაბარებისას გადახდილ ფასსა და ახლად დადგენილ ტარიფს შორის არსებულ სხვაობას.
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითლის ფასი 90 თეთრით, ხოლო 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარით განისაზღვრა. გამონაკლისის სახით კი 16 გრადუსამდე არაკონდიცირებული ყურძნის ფასი 50 თეთრი გახდა, ჰიბრიდი - 30 თეთრი. ძველი რეგულაციით 17 გრადუსამდე ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 30 თეთრს შეადგენდა
შეგახსენებთ, 2025 წელს სახელმწიფო კომპანიამ 145.7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეკორდული 246 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულის შემდგომ სახელმწიფომ განსაზღვრა, რომ ყველა კატეგორიის ყურძენს ერთსა და იმავე ფასად აღარ ჩაიბარებდა და 2026 წლის რთველისთვის მევენახეებს დიფერენცირებული საზღაური შესთავაზა, რაც მათ ხარისხზე (შაქრიანობის შემცველობაზე) იყო მიბმული. სწორედ აღნიშნული მოთხოვნა გადაიხედა დღეს, თუმცა იქამდე სანამ ეს მოხდებოდა შესასყიდი ყურძნის ფასში ცვლილებები აგვისტოშიც შევიდა, რადგან თავდაპირველად მაღალკონდიციურ ყურძნად განსაზღვრული იყო შაქრიანობის 22%-ის შემცველობაზე მაღალი ყურძენი, რაც ჯერ 21%-მდე, დღეს კი 20%-მდე შემცირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge