
ვის გადაეცემა სასკოლო ფორმები უფასოდ - მთავრობამ ექვსი კატეგორია განსაზღვრა
საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დაამტკიცა „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“, რომელიც საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების უფასოდ გადაცემას ითვალისწინებს.
დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის, სოციალური ინტეგრაციის, ინკლუზიური და ღირსებაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ხელშეწყობა, ასევე სასწავლო პროცესში მოსწავლეთა სრულფასოვანი ჩართულობის მხარდაჭერა.
პროგრამა ყოველწლიურად დაფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.
ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ
დადგენილების თანახმად, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
• რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია; • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში; • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში; • სარგებლობენ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებით; • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში; • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმა.
რა შედის კომპლექტში
დადგენილების მიხედვით, ბიჭებისთვის განკუთვნილი კომპლექტი მოიცავს ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს, ხოლო გოგოებისთვის – ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაკაბას.
მანამდე, 25 ივლისს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც სასკოლო ფორმების საცალო ფიქსირებული ფასები განისაზღვრა.
ბრძანების მიხედვით, როგორც ბიჭის, ისე გოგოს სასკოლო ფორმის კომპლექტის საცალო ღირებულება 95 ლარია. ამავე დოკუმენტით დადგინდა, რომ:
• ბიჭის პიჯაკი – 45 ლარი; • ბიჭის შარვალი – 25 ლარი; • გოგოს პიჯაკი – 45 ლარი; • გოგოს შარვალი – 25 ლარი; • გოგოს ქვედაკაბა – 25 ლარი.
მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ფასები ფიქსირებულია და სასკოლო ფორმების განსხვავებული ღირებულებით რეალიზაცია დაუშვებელია.
სახელმწიფოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული კონტრაქტი
სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით, 2026 წლის 19 ივნისს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ საქართველოში რეგისტრირებულ შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრისთან“ 45 658 840 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
შესყიდვის ობიექტს 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმა წარმოადგენს.
ხელშეკრულებაში მითითებული ფასების მიხედვით, მწარმოებლისთვის თითოეული ერთეულის ღირებულებაა:
• გოგოს პიჯაკი – 39.61 ლარი; • ბიჭის პიჯაკი – 35.43 ლარი; • გოგოს ქვედაკაბა – 16.76 ლარი; • ბიჭის შარვალი – 19.65 ლარი; • გოგოს შარვალი – 19.65 ლარი.
შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტის ღირებულება 74.73 ლარს შეადგენს, ხოლო გოგოს კომპლექტის – 76.02 ლარს. ამ მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ დადგენილ 95-ლარიან საცალო ფასსა და შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას შორის სხვაობა ბიჭის კომპლექტზე 20.27 ლარია, ხოლო გოგოს კომპლექტზე – 18.98 ლარი.
ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, სასკოლო ფორმების ძირითადი ქსოვილი უნდა შედგებოდეს 72% პოლიესტერის, 25% ვისკოზისა და 3% ელასტინისგან. ფორმები გათვლილი უნდა იყოს 40-გრადუსიან მანქანურ რეცხვაზე, ხოლო გამოყენებული მასალები OEKO-TEX Standard 100-ის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:
• 301 ათასი ერთეული – 2026 წლის 25 აგვისტომდე; • 600 ათასი ერთეული – 15 ოქტომბრამდე; • 900 ათასი ერთეული – 30 ნოემბრამდე.
ხელშეკრულება პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე გაფორმდა.
დოკუმენტის მიხედვით, საქონლის მწარმოებელია ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co., Ltd., ხოლო სასკოლო ფორმების ბრენდია Eton Kidd. მიმწოდებლისთვის განსაზღვრულია 12-თვიანი საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც გამოვლენილი დეფექტის შემთხვევაში კომპანიას პროდუქციის საკუთარი ხარჯით შეცვლა მოუწევს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის მარტში დაფუძნდა. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ კომპანია წარმოადგენს ჩინელი მწარმოებლის წარმომადგენელს, რომლის სამკერვალო საწარმო ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს და სასკოლო ფორმების წარმოებაზე სპეციალიზდება.
BM.GE
წყარო: bm.ge