
Visa-მ ქუთაისის აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯის მოსაწყობად ₾1 მილიონის ინვესტიცია განახორციელა - თამარ იოსელიანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა Visa-მ ქუთაისის აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯის პროექტში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ მან ლაუნჯის გახსნისას განაცხადა.
პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო კომპანია Visa-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი სივრცე მგზავრებს საშუალებას მისცემს, გაფრენამდე დრო კომფორტულად გაატარონ და შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ.
ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანს მოემსახურება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში სივრცე Visa-ს კონცეფციით იქნება გაფორმებული.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. სწორედ ამიტომ, დღეს ახალი ბიზნეს ლაუნჯი გავხსენით, რომელიც ბუნებრივია ჩვენი მომხმარებლებისა და მგზავრების კომფორტზეა გათვლილი. ამ თვეების განმავლობაში აქტიურად ვითანამშრომლეთ ჩვენს პარტნიორ კომპანია Visa-სთან, რომელმაც აღნიშნულ პროექტში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ასევე, აქ წარმოდგენილია „თიბისი ბანკი“ „თიბისი კონცეპტის“ მეშვეობით. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალი, დამატებითი და კომფორტული სერვისებით ისარგებლონ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სწრაფი გავლის ( Fast Track) სერვისი ამოქმედდა, რომელიც შეამცირებს ლოდინის დროს უსაფრთხოების შემოწმებისა და პასპორტ-კონტროლის გავლისას, რაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის მართვას გააუმჯობესებს. სერვისი იმუშავებს თვითმომსახურების პრინციპით.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მზარდი დინამიკით ხასიათდება. მისი შეფასებით, საავიაციო სექტორისთვის 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო - ქვეყნის მასშტაბით, მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 14%-იანი მატება დაფიქსირდა, ხოლო უშუალოდ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. "წარმატებული იყო 2026 წლის პირველი კვარტალიც - რეგიონში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მგზავრთნაკადის მიმართულებით დაახლოებით 4%-იანი ზრდა ფიქსირდება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
BM.GE
წყარო: bm.ge