
ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპის ჩართვას დათანხმდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობას დათანხმდა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპელები მომდევნო შეხვედრას აუცილებლად შეუერთდებიან. მისი თქმით, ვაშინგტონისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან ევროპის ქვეყნები აშშ-ის პარტნიორები არიან.
შეხვედრაში მონაწილე მეორე ამერიკელმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა პუტინს უთხრა, რომ ვაშინგტონი ევროპის პოზიციაში მნიშვნელოვან ცვლილებას ხედავს, რაც აჩენს განცდას რომ მათი ჩართვა საერთო პროგრესს ხელს არ შეუშლის.
აღსანიშნავია, რომ სიტყვიერი თანხმობის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის არსებულ სერიოზულ უთანხმოებებზე გაამახვილა ყურადღება. პუტინის განმარტებით, მოსკოვი ევროკავშირთან დიალოგისთვის ყოველთვის ღიაა, თუმცა ურთიერთობა თავად ევროპულმა მხარემ გაწყვიტა. მან ვაშინგტონს მოუწოდა, ევროპელ მოკავშირეებთან იმუშაოს, რათა მათ მშვიდობასა და ომს შორის არჩევანი საბოლოოდ გააკეთონ.
პუტინმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა მოხდეს რადგან ეს ომის განახლებას გამოიწვევს. მისი თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯს საკუთარი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.
BM.GE
წყარო: bm.ge