
Wildberries-ის ევროკავშირის მიერ სანქცირებული დირექტორი, ტატიანა კიმი გადადგა
რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-რითეილერის, Wildberries-ის ხელმძღვანელი ტატიანა კიმი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა იგი სასანქციო სიაში შეიყვანა - ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
კომპანიის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ალექსეი კულიკოვი დაინიშნა. ამის შესახებ რუსულმა სააგენტოებმა, TASS-მა და RIA Novosti-მ კორპორაციულ მონაცემთა რეესტრზე დაყრდნობით განაცხადეს. თავად Wildberries-ს საკადრო ცვლილებებზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
16 ნოემბერს ევროკავშირმა ტატიანა კიმის აქტივები გაყინა. მას ასევე გადაადგილებისა და ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვა დაუწესდა.
ევროკავშირის განმარტებით, კიმი სასანქციო სიაში იმიტომ მოხვდა, რომ Wildberries-ი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია და ფუნქციონირებს როგორც რუსული არმიის მომარაგების ქსელი, რაც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის რეალიზაციას უწყობს ხელს.
კომპანია და კრემლი უარყოფენ, რომ Wildberries-ი რუსულ არმიას პროდუქციით ამარაგებს. Wildberries-ში განაცხადეს, რომ კიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კომპანიის საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს, რადგან მას ევროკავშირში აქტივები არ გააჩნია და იქ ბიზნესს არ აწარმოებს.
კომპანიის ცნობით, Wildberries-ი და ჰოლდინგში შემავალი სხვა სტრუქტურები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
ცნობისთვის, Wildberries საქართველოში ოფიციალურად 2024 წლის ოქტომბრიდან ფრანჩიზის მოდელით საქმიანობს და ბოლო პერიოდში აქტიურად ფართოვდება. 2026 წლის იანვარში შპს „ტრანსკომ გრუპმა“ (Wildberries-ის ადგილობრივმა ოპერატორმა) პრივატიზაციის გზით უშუალოდ სახელმწიფოსგან თბილისი–წითელი ხიდის მე-17 კილომეტრის მიმდებარედ 19 ჰა საერთო ფართობის 4 ნაკვეთი შეიძინა.
BM.GE
წყარო: bm.ge