
Wissol E-ს ქსელის გაფართოება და 10-მეგავატიანი მზის სადგური - როგორია "ვისოლის" გეგმები?
"ვისოლ ჯგუფი" ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის - Wissol E-ს ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანია 2026 წელს ქსელი 14 ქალაქში, 20 ლოკაციაზე განთავსებული 30 დამტენით დაასრულებს, ხოლო 2027 წლისთვის დამატებით კიდევ 15 ახალი დამტენი სადგურის განთავსებაა დაგეგმილი.
ქსელის განვითარების დინამიკა, საწვავის ბაზარზე არსებული გამოწვევები და კომპანიის გრძელვადიანი ხედვა გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ შეაფასა.
"ვისოლის" ხელმძღვანელის განმარტებით, ტრადიციული საწვავის ბაზარზე შექმნილი რეალობა კომპანიებს აიძულებს, მომხმარებელს ალტერნატიული ენერგორესურსები შესთავაზონ. მისი თქმით, დღეს ნავთობპროდუქტების ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა, კომპანიის მარჟა კი - მინიმალურ ნიშნულზე, რის გამოც ფასების შერბილება მხოლოდ საკუთარი რესურსით შეუძლებელია.
"ერთი შემიძლია გითხრათ: დღევანდელ პირობებში, რაც ისტორიაში ბენზინი და დიზელი არსებობს, მისი თვითღირებულებებიდან გამომდინარე, ობიექტური მიზეზების გამო, პროდუქტს ყველაზე მაღალი ფასით ვყიდით და ამ დროს კომპანიას ყველაზე დაბალი მარჟა აქვს. ჩვენი კონტრიბუცია არის ის, რომ მაღალ ფასში კომპანიამ მინიმალური მოგებიანობა ჩადო, თუმცა ფასი მაინც მაღალია და ჩვენი მარჟით ისეთ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ, რომ მომხმარებლისთვის ტარიფი კომფორტული იყოს. ამიტომ ერთადერთი სწორი გზა ალტერნატიული შეთავაზებების შექმნაა", - აღნიშნა ვასილ ხორავამ.
მან პარალელი 2008–2009 წლებთან გაავლო, როდესაც ნავთობის პიკურ ფასებს "ვისოლმა" ბუნებრივი აირის ქსელის აშენებით უპასუხა. თუმცა დღეს ბაზრის ევოლუციამ გაზის მოხმარება ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით ჩაანაცვლა.
ვასილ ხორავას თქმით, სწრაფდამტენების ინფრასტრუქტურის განვითარებისას Wissol E-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ წლების წინ გაზგასამართი სადგურებისთვის შექმნილი ელექტრო-ტექნიკური პირობები და სიმძლავრეები აღმოჩნდა. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, კაპიტალური დანახარჯები ოპტიმალურად მართოს და ქსელში მაღალი სიმძლავრის - 300–400 კილოვატიანი ულტრასწრაფი დამტენები მარტივად დანერგოს.
გარდა ტექნიკური გამართულობისა, ხორავას თქმით, უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის გამოცდილება და ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება გამართული.
"ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, როცა ადამიანი ელექტრომანქანას ყიდულობს, არის კითხვა - რამდენად მზადაა ინფრასტრუქტურა, რომ გზაში არ დარჩეს? ამისთვის კრიტიკულია მაგისტრალებზე გამართული ქსელი. ჩვენი უპირატესობა ის ეკოსისტემაცაა, რომელიც "ვისოლ ჯგუფშია". ელექტრომობილის დატენვას საწვავის ჩასხმაზე მეტი დრო სჭირდება, ჩვენი ჯგუფის ობიექტები კი - "სმარტი", "ვენდისი", "დანკინი" და "საბვეი" - მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაყოვნების დრო მაქსიმალურად კომფორტულად გამოიყენოს", - ამბობს ხორავა.
ელექტროდამტენების რაოდენობის ზრდა ელექტროქსელზე დატვირთვას ზრდის. იმისათვის, რომ კომპანია ენერგოსისტემისთვის დამატებით წნეხად არ იქცეს და შიდა მოხმარება "მწვანე ენერგიით" დააკმაყოფილოს, "ვისოლი" გენერაციის ობიექტებსაც აშენებს.
როგორც ვასილ ხორავამ განაცხადა, 2 წლის წინ კომპანიამ უკვე ააშენა 2 მეგავატამდე სიმძლავრის მზის სადგური, უახლოეს 6 თვეში კი დამატებით 10 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელების პროექტს დაასრულებს.
"გვინდა, რომ დაახლოებით ექვს თვეში დავასრულოთ 10 მეგავატამდე სიმძლავრის მზის პანელების ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს გენერაცია სრულად გათვლილია ჩვენს შიდა მოხმარებაზე და ოდნავ აღემატება კიდეც მას. ჩვენი განვითარების გეგმის გათვალისწინებით, ეს სიმძლავრე სრულად დააკმაყოფილებს ქსელის მოთხოვნას, არ ვიქნებით ტვირთი საერთო გენერაციისთვის და საკუთარი მწვანე ენერგიის წყარო გვექნება", - აღნიშნა "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა.
ვასილ ხორავას განცხადებით, კომპანია Wissol E-ს მიმართულებას უკვე 5 წელზე მეტია ავითარებს.
BM.GE
წყარო: bm.ge