მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TOP 10 ინოვაციური ქვეყანა 2026 წელს - სად არის საქართველო WIPO-ს რეიტინგში?
TOP 10 ინოვაციური ქვეყანა 2026 წელს - სად არის საქართველო WIPO-ს რეიტინგში?

TOP 10 ინოვაციური ქვეყანა 2026 წელს - სად არის საქართველო WIPO-ს რეიტინგში?

BM.GE18 ოქტომბერი, 2026, 04:11|bm.ge

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ 2026 წლის „გლობალური ინოვაციების ინდექსი” გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე ინოვაციური ქვეყნების გამოსავლენად 139 ეკონომიკა შეაფასა.

ქვეყნების ინოვაციურობას WIPO 7 ძირითადი მიმართულების მიხედვით აფასებს, რომლებიც ორ მთავარ კატეგორიად - რესურსებად და შედეგებად იყოფა: რესურსების მიმართულება ინოვაციებისთვის აუცილებელ გარემოსა და შესაძლებლობებს, ინფრასტრუქტურებს, კვლევებსა და ბაზრის დახვეწილობას ზომავს, ხოლო მეორე კატეგორია უშუალოდ შედეგებს აფასებს - ცოდნისა და ტექნოლოგიების მიღწევებსა და შემოქმედებით პროდუქტებს.

ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო 25-ეულში 14 პოზიცია ევროპულ ქვეყნებს უკავიათ, ხოლო ჩინეთი, რომელიც მე-10 ადგილზეა, ერთადერთი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკაა ტოპ 30-ში.

10. ჩინეთი - GII-ის ქულა: 57.0

ინოვაციის ინდექსით ჩინეთმა 57 ქულა დაიმსახურა. ინოვაციების რესურსებით ის 22-ე ადგილზეა, თუმცა შედეგებით - მეხუთეზე. ჩინეთი პირველ ადგილზეა ცოდნისა და ტექნოლოგიების შედეგებით; ქვეყანა მშპ-ის თითქმის 3%-ს კვლევასა და განვითარებაზე ხარჯავს, ხოლო ჩინური კომპანიები მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებენ კორპორაციული კვლევის ინვესტორებს შორის. WIPO-ს ანგარიშით, ჩინეთის 57.0 ქულა უსწრებს გერმანიას, იაპონიასა და საფრანგეთს.

9. დანია - GII-ის ქულა: 57.7

დანია ჩინეთს 0.7 ქულით უსწრებს და რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. მისი პოზიცია სტაბილურობას ეფუძნება - ის შვიდივე ძირითადი მიმართულებით ტოპ 13-შია, რომელთა შორის ლიდერობს ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურისა და შემოქმედებითი შედეგების კატეგორიებში. WIPO დანიას „საგარეო ინვესტიციების რვა ლიდერს“ შორის ასახელებს და აღნიშნავს, რომ 2025 წელს მისმა კომპანიებმა საზღვარგარეთ ბევრად მეტი კვლევა და მაღალტექნოლოგიური პროექტი დააანონსეს, ვიდრე თავად ქვეყანამ მიიღო.

8. ფინეთი - GII-ის ქულა: 57.9

57.9 ქულით მერვე ადგილს იკავებს ფინეთი, რომელიც მოწინავე პოზიციებზეა რესურსების სამ მიმართულებაში: ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და კვლევა, და ინფრასტრუქტურა. ის ასევე მეცხრე ადგილზეა ცოდნისა და ტექნოლოგიების შედეგების მიხედვით. ამასთან, ჰელსინკი ერთ-ერთია იმ ოთხ ევროპულ კლასტერს შორის (კემბრიჯთან, ოქსფორდთან და ეინდჰოვენთან ერთად), რომლებიც, WIPO-ს თანახმად, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით განსაკუთრებით მაღალ შედეგებს აჩვენებენ.

7. ნიდერლანდები - GII-ის ქულა: 58.4

ნიდერლანდები 2026 წელს მეშვიდე ადგილზე გადავიდა, 58.4 ქულით. მისი ეკოსისტემა ცოდნის შექმნას საერთაშორისო ბიზნესკავშირებთან აერთიანებს - ქვეყანა მეხუთე ადგილზეა როგორც ბიზნესის დახვეწილობით, ასევე შემოქმედებითი შედეგებით. ეინდჰოვენი მსოფლიოში მეცხრეა ინოვაციების ინტენსივობით, ხოლო ამსტერდამ-როტერდამი გლობალურ კლასტერებს შორის 26-ე ადგილს იკავებს.

6. გაერთიანებული სამეფო - GII-ის ქულა: 59.6

გაერთიანებული სამეფო 59.6 ქულით მეექვსე ადგილზეა. WIPO-ს თანახმად, ის ინოვაციების რესურსებით მე-10 ადგილზეა, მაგრამ შედეგებით - მეოთხეზე, რაც განსაკუთრებით ეფექტიანი პროფილია. ის მესამე ადგილზეა შემოქმედებითი შედეგებით, მეხუთეზე - ცოდნისა და ტექნოლოგიების შედეგებით და მეოთხეზე - ბაზრის დახვეწილობით. ამასთან, კემბრიჯი და ოქსფორდი იმ ევროპულ კლასტერებს შორისაა, რომლებიც მოსახლეობასთან მიმართებით ძლიერ შედეგებს აჩვენებენ.

5. სინგაპური - GII-ის ქულა: 61.0

სინგაპური ინოვაციების რესურსების თვალსაზრისით მსოფლიოში საუკეთესო საერთო ბაზას გვთავაზობს - ქვეყანა პირველია ინსტიტუტების,ხოლო მეორე ადამიანური კაპიტალისა და კვლევების კატეგორიებში. შედეგებში შედარებითი ჩამორჩენა შეიმჩნევა და ქვეყანა მთლიანობაში მეცხრე ადგილზეა. WIPO სინგაპურის მაგალითს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ უხვი რესურსი შედეგებში შესაბამისი ნახტომის გარანტიას არ იძლევა და აღნიშნავს, რომ, ნაკლები რესურსების მიუხედავად, შედეგებში სინგაპურის ქულას ჩინეთის შეფასება აღემატება.

4. სამხრეთ კორეა- GII-ის ქულა: 61.4

მეოთხე ადგილოსანი სამხრეთ კორეის კონკურენტული უპირატესობა კორპორაციულ კვლევებში მდგომარეობს. ის პირველ ადგილზეა კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევებით, ბიზნესსექტორის მკვლევრებითა და გამომგონებლის წარმოშობის მიხედვით საერთაშორისო საპატენტო განაცხადებით. მისმა მთლიანმა კვლევითმა ხარჯებმა 2024 წელს მშპ-ის 5%-ს მიაღწია. სამხრეთ კორეა ასევე პირველია ადამიანური კაპიტალისა და კვლევების მიხედვით და მეორე შემოქმედებითი შედეგებით, ხოლო სეული მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მყოფი ინოვაციური კლასტერია.

3. ამერიკის შეერთებული შტატები - GII-ის ქულა: 62.3

შეერთებული შტატები მესამე ადგილზეა 62.3 ქულით და ლიდერობს ბაზრებითა და ბიზნესგარემოთი. ამ შედეგს ზურგს კვლევის მოწინავე ინვესტორები, ვენჩურული კაპიტალის გარიგებები, „უნიქორნების“ შეფასება და პროგრამულ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები უმაგრებენ. მისი უნივერსიტეტები პირველ ადგილზეა გლობალურად, ხოლო მსოფლიოს 100 წამყვანი ინოვაციური კლასტერიდან 20 ამერიკულია.

2. შვედეთი - GII-ის ქულა: 63.2

შვედეთი ერთადერთი ეკონომიკაა, რომელსაც შვიდიდან ორ ძირითად მიმართულებაში პირველი ადგილი უკავია: ესენია ინფრასტრუქტურა და ბიზნესის დახვეწილობა. ის ასევე მსოფლიოში პირველია ერთ სულ მოსახლეზე მკვლევართა რაოდენობით და ინსტიტუტების გარდა, არცერთ მიმართულებაში არ ჩამოდის მეექვსე ადგილზე ქვემოთ.

1. შვეიცარია - GII-ის ქულა: 66.7

ზედიზედ 16 წელია პირველ ადგილს შვეიცარია ინარჩუნებს, რომელმაც 2026 წლის ინდექსით 66.7 ქულა მოიპოვა. ის ინოვაციების რესურსებით მეორე ადგილზეა, ხოლო შედეგებით - პირველზე. შვეიცარია ასევე მოწინავე ადგილებს იკავებს შემოქმედებითი შედეგების და ცოდნისა და ტექნოლოგიების კატეგორიებში. მისი 3.5-ქულიანი უპირატესობა შვედეთთან შედარებით ყველაზე დიდი სხვაობაა ტოპ ათეულში, მეზობელ ქვეყნებს შორის.

2026 წლის ანგარიშში საქართველოც მოხვდა, რომელიც 139 ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა 32.2 ქულით. WIPO ქვეყანას ჩრდილოეთ აფრიკისა და დასავლეთ აზიის რეგიონს მიაკუთვნებს, სადაც 18 ეკონომიკას შორის მე-8 პოზიციას იღებს, ხოლო საშუალო შემოსავლის მქონე 35 სახელმწიფოს ჯგუფში - მე-9 ადგილზეა.

საქართველოს შეფასება მკვეთრად ასიმეტრიულია რესურსებსა და რეალურ შედეგებს შორის: რესურსებით ქვეყანა 53-ე ადგილზეა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი სიმტკიცე ინსტიტუციურ გარემოსა და ბაზრის მარტივ წესებშია. კერძოდ, ქვეყანა მსოფლიოს ტოპ-15-შია ბიზნესის დაწყების სიმარტივით და მაღალი ქულები აქვს საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქესა და ვაჭრობის გახსნილობაში.

ამის საპირისპიროდ, შედეგების მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზეა, რაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას - ინოვაციური ეფექტიანობის დეფიციტს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას შედარებით მაღალი შეფასება აქვს შემოქმედებით პროდუქტებსა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაში, საგრძნობლად დაბალია მაჩვენებლები სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირებაში, ადგილობრივ პატენტებში და მაღალტექნოლოგიური წარმოების ექსპორტში, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 1.5%-ს არ აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ხელოვნური ინტელექტი სიმდიდრის შექმნის გამორჩეული გზაა" - FED-ის ხელმძღვანელი

"ხელოვნური ინტელექტი სიმდიდრის შექმნის გამორჩეული გზაა" - FED-ის ხელმძღვანელი

BM.GE

უკრაინაში ბუნებრივი აირის მარაგმა ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს მიაღწია

უკრაინაში ბუნებრივი აირის მარაგმა ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

"გეით ბიზნეს ცენტრმა" ხელნაწერთა ცენტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უნდა მოაწყოს - განკარგულება

"გეით ბიზნეს ცენტრმა" ხელნაწერთა ცენტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უნდა მოაწყოს - განკარგულება

BM.GE

ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ნებისმიერი კორუფციული რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - ინფრასტრუქტურის მინისტრი

ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ნებისმიერი კორუფციული რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - ინფრასტრუქტურის მინისტრი

BM.GE