
WTM London-ზე 20-მდე ტურისტული კომპანია მონაწილეობს - როგორია ტურისტული ნაკადები ბრიტანეთიდან?
გაერთიანებულ სამეფოში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market (WTM) London 2026-ზე საქართველოდან 20-მდე ქართული კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ქვეყანა ღონისძიებაზე ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენილი. მასში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO). ვიზიტორებსა და საერთაშორისო ტუროპერატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას, ტურისტულ მიმართულებებსა და ოთხსეზონიან პოტენციალს გაცნობოდნენ.
გამოფენას ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.
WTM London-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გლობალური პლატფორმების, მედიაკომპანიების, მარკეტინგული, საავიაციო და გასართობი ინდუსტრიის ლიდერებს შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, მოლაპარაკებები გაიმართა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Booking.com, Skyscanner, Amadeus, AVIAREPS, Warner Bros. Discovery, Bloomberg, BBC, The New York Times, National Geographic Traveller და Condé Nast.
„ეს ღონისძიება ემსახურება როგორც ტურიზმის ადმინისტრაციისთვის, ისე კერძო სექტორისთვის კავშირების გაღრმავებას, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას, საერთაშორისო მედიებთან შეხვედრებსა და სამომავლო კამპანიების დაგეგმვას. მთელი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში საქართველოს შესახებ მარკეტინგული კამპანიები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს... შედეგად, მესამე კვარტალში 18%-იანი მატება გვაქვს, როგორც შემოსავლების, ისე ვიზიტორების ოდენობით ბრიტანეთიდან. დიდი ბრიტანეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
საქსტატის თანახმად, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში მოგზაურთა ნაკადი მართლაც მზარდი დინამიკით ხასიათდება:
2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) ბრიტანეთიდან საქართველოში 18,233 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (15,426) შედარებით 18.2%-ით მეტია და კვარტალურ ჭრილში რეკორდს წარმოადგენს.
გარდა ამისა, 2026 წლის სამ კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) გაერთიანებული სამეფოდან სულ 41,032 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 19.5%-იან ზრდას შეადგენს. მიმდინარე წლის 9 თვის შედეგი უკვე აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის მთლიანი 12 თვის მაჩვენებელსაც - 37,478 ვიზიტს.
BM.GE
წყარო: bm.ge