
ყაზახეთი ქვეყანაში ავტომობილების შესვლა-გამოსვლას ზღუდავს
ყაზახეთმა საწვავ-საპოხი მასალების ქვეყნიდან გატანის თავიდან აცილების მიზნით, საზღვარზე ავტომობილების შესვლასა და გამოსვლაზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ 7 ივლისს, მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ კაირხან ტუტკიშბაევმა განაცხადა.
ახალი რეგულაციების თანახმად, მეზობელი სახელმწიფოებიდან ჩასული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები საზღვრის გადაკვეთას დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ შეძლებენ.
„როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი ავტომობილები ყაზახეთში შემოსვლასა და ქვეყნიდან გასვლას დღე-ღამეში ერთზე მეტჯერ ვეღარ შეძლებენ. ეს საწვავის მოხმარების ბალანსის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ტუტკიშბაევმა.
მისი თქმით, ეს შეზღუდვა ყაზახეთის ყველა სხვა სასაზღვრო ზონას ეხება. ენერგეტიკის ვიცე-მინისტრი ამტკიცებს, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ, ეროვნულ კომპანიებთან ერთად, საწვავის რეზერვი შექმნა და შიდა ბაზარზე მოხმარების ბალანსს აკონტროლებს.
მინისტრის მოადგილის მონაცემებით, სასაზღვრო რეგიონებში (დასავლეთ ყაზახეთის, აქტობესა და პავლოდარის ოლქებში) ბოლო პერიოდში „საწვავ-საპოხი მასალების მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა“.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, ბოლო დროს რუსეთის მომიჯნავე ყაზახეთის რეგიონებში ავტოგასამართ სადგურებზე რიგები შეინიშნება. მეზობელ რუსეთში ივნისის ბოლოდან საწვავის კრიზისია, რაც უკრაინის არმიის საპასუხო დარტყმების გამო მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მუშაობის შეჩერებით არის გამოწვეული.
6 ივლისს, ომსკის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2500 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყების შემდეგ დარტყმის ქვეშ პირველად მოჰყვა. თავდასხმების შემდეგ, როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, ომსკის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ, რომლის სიმძლავრეც წელიწადში დაახლოებით 21 მილიონ ტონას შეადგენს, მუშაობა შეაჩერა.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ომსკის ქარხანაში შექმნილი სიტუაცია „ადგილობრივი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მუშაობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს“.