
ყაზახეთი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო, საზღვარზე შემოწმებას ამკაცრებს
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის ირკუტსკის ოლქის არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და საზღვარზე დამატებითი ზომებს იღებენ. ამ ზომებს შორის არის საკარანტინო კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მოგზაურობის შემდეგ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და ჯანდაცვის მუშაკებს აცნობონ მოგზაურობის ზუსტი ადგილი და თარიღი. ამასთან, უწყება მოსახლეობას ურჩევს, ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნონ.
2 ოქტომბერს რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი. გარდაცვლილი 28 წლის ლაბორანტი დარია შიპილოვაა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთი კვირით ადრე მას სამუშაო ადგილზე გაუტყდა ჭირის გამომწვევი შემცველი სინჯარა, რის შემდეგაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი კი კარანტინში მოათავსეს. რუსეთში მომხდარ შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას აშშ-ც სწავლობს.
რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული სააგენტოს [Роспотребнадзор] განცხადებით, ჩატარებულმა კვლევამ ვერ გამოავლინა პათოგენი, რომელიც ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებას უკავშირდება. კერძოდ, Роспотребнадзор-ის ინფორმაციით, დარია შიპილოვას ბიოლოგიურ მასალაში მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პათოგენები ვერ აღმოაჩინეს, ინსტიტუტში კი მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
BM.GE
წყარო: bm.ge