
"ყეინიშვილის საქმე" და მისი წასვლა სებ-ის რეპუტაციაზე ჩაქუჩის დამატებითი, ძლიერი დარტყმაა|ნიკა ალავიძე
ფინანსისტ ნიკა ალავიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულის სტატუსით თანამდებობის დატოვება, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო რეპუტაციას კიდევ ერთ მძიმე დარტყმას აყენებს.
როგორც BMGTv-ის გადაცემა “წერტილში” ნიკა ალავიძემ განაცხადა, თითოეული ასეთი პრეცედენტი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებულ შეშფოთებასა და გაფრთხილებებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას - ნანა ყეინიშვილი
ნიკა ალავიძის თქმითვე, საბჭოს ერთი წევრის წასვლა, შესაძლოა, ცალკეულ ეპიზოდად ჩანდეს, თუმცა რეალურად ის იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ „ფარცხალაძის სკანდალით“ დაიწყო.
“სებ-ის საბჭოს ერთი კონკრეტული წევრის [ირგვლივ განვითარებული მოვლენები] ინსტიტუციურ ზიანს ამძაფრებს და IMF-ის 2023 წლის შეშფოთებას ადასტურებს, 2024 წლის გაფრთხილებას, 2025 წლის ევროკავშირის განცხადებას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უფრო მძიმედ აღრმავებს იმ სკანდალს, რომელიც ყოფილი პროკურორის, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის სებ-ის მიერ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემის სკანდალით დაიწყო…
აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის - თუნდაც „რიგითი წევრის“ - წასვლა ძალიან მძიმე და დამაზიანებელია. ეს უკვე ჩაჭედებულ ლურსმანზე ჩაქუჩის დამატებითი, ძლიერი დარტყმაა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეეცდება თავის მართლებას ეროვნული ბანკი თუ ხელისუფლების ეკონომიკური თუ პოლიტიკური გუნდი, შედეგი მაინც სახეზეა. ეს არის იმ ინსტიტუციური რღვევის შედეგი, რაც სავალუტო ფონდმა (IMF) ჯერ კიდევ 2023 წელს აღნიშნა თავის რეკომენდაციებში. მაშინ სავალუტო პროგრამის შეჩერების ორი მთავარი მიზეზიდან ერთი სწორედ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფა იყო, მეორე კი - სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შეჩერება და არასწორი მართვა. შეჩერებული პროგრამა აღარ განახლებულა და ვადის გასვლის გამო გაუქმდა კიდეც”, - აცხადებს ნიკა ალავიძე.
ფინანსისტმა “წერტილთან” ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებზეც, რომლითაც სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები გამკაცრდა და ეროვნულ ბანკში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების პროცესი შემსუბუქდა, თუმცა ნიკა ალავიძის თქმით, შინაარსობრივად დადებითი ცვლილებები, სავარაუდოდ, სავალუტო ფონდის ნოემბრის მოახლოებულ ვიზიტს უკავშირდება.
"ობიექტურად რომ შევაფასოთ, მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად დადებითია. საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების წესის შემსუბუქება, რაც მანამდე მძაფრი კრიტიკის საგანი იყო... ანუ გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა ინსტიტუციონალიზაციისკენ, რაც ძალიან კარგია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2023 წლიდან იდგა. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების ასეთი დაჩქარებული წესით მიღება აჩენს ვარაუდს, რომ ის სავალუტო ფონდის (IMF) ნოემბრის მოახლოებულ ვიზიტს უკავშირდება. თუ ეს მხოლოდ ანგარიშგებისთვის მომზადებული ფასადური ცვლილებაა, მას რეალური პრაქტიკული მნიშვნელობა არ ექნება”, - აღნიშნა მან.
ამასთან, ნიკა ალავიძემ ეჭვქვეშ დააყენა ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე დაწყებული გამოძიების ეფექტიანობაც და დასძინა, რომ სანამ პროცესები გაუმჭვირვალეა, არსებობს დიდი რისკი, რომ ხელისუფლებამ ეს საკითხიც მივიწყებას მიეცეს.
BM.GE
წყარო: bm.ge