მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ტერიტორიას ახალი კონცეფცია ექნება - რას გეგმავს Immobiliare გმირთა მოედნის მიმდებარედ
ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ტერიტორიას ახალი კონცეფცია ექნება - რას გეგმავს Immobiliare გმირთა მოედნის მიმდებარედ

ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ტერიტორიას ახალი კონცეფცია ექნება - რას გეგმავს Immobiliare გმირთა მოედნის მიმდებარედ

BM.GE10 ივლისი, 2026, 09:58|bm.ge

თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ისტორიული შენობები ფუნქციონირებდა, შესაძლოა უახლოეს წლებში დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ურბანულ განვითარების პროექტად გადაიქცეს.

ტერიტორიის განვითარებაზე კომპანია Immobiliare მუშაობს. პროექტი კოსტავას 49-ს, ყოფილი ინდუსტრიული შენობების სივრცესა და ლაგუნა ვერეს ერთიან კონცეფციაში აერთიანებს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო არქიტექტურულ კონცეფციას ესპანური ბიურო Ricardo Bofill Taller de Arquitectura ამზადებს.

DMG Group-ის დამფუძნებლის, კახი ჟორდანიას განცხადებით, კომპანიის მიზანი ისტორიული შენობების ჩანაცვლება კი არა, მათი თანამედროვე ურბანულ გარემოში ინტეგრირებაა.

„ეს ტერიტორია ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კოსტავას 49. აქ ისტორიული შენობებია, რომლებსაც საკუთარი ისტორია და მნიშვნელობა აქვთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და ახალი სიცოცხლე შევძინოთ.“

ექსკლუზიური ინტერვიუ კახი ჟორდანიასთან - DMG Group-ის და Immobiliare-ს დამფუძნებელთან

ინდუსტრიული მემკვიდრეობა, რომელიც ახალი განვითარების ნაწილად უნდა დარჩეს

კოსტავას ქუჩის ეს ნაწილი გასული საუკუნის განმავლობაში თბილისის სამრეწველო განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების შენობები დღემდე ინარჩუნებს ისტორიულ და არქიტექტურულ მნიშვნელობას, თუმცა მრავალი წელია მათი დიდი ნაწილი აღარ ფუნქციონირებს.

კახი ჟორდანიას თქმით, სწორედ ამ ისტორიულმა კონტექსტმა განსაზღვრა კომპანიის ხედვა.

„ჩვენთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ტერიტორიაზე ისტორიული შენობები პროექტის მთავარი ნაწილი ყოფილიყო და არა დაბრკოლება. ვფიქრობთ, ასეთ შენობებს ახალი ფუნქცია უნდა მიეცეს, თუმცა მათი ისტორია აუცილებლად უნდა დარჩეს.“

მისი თქმით, ეს მიდგომა საერთოა როგორც კოსტავას 49-ის, ისე ახალი განვითარების კონცეფციისთვის.

„კოსტავას 49-ზე ისტორიული ფასადი სრულად შევინარჩუნეთ. ზუსტად იგივე პრინციპით ვუდგებით ამ ტერიტორიასაც.“

Ricardo Bofill-ის სტუდია ახალ კონცეფციაზე მუშაობს

კომპანიის გადაწყვეტილებით, პროექტზე კვლავ Ricardo Bofill Taller de Arquitectura მუშაობს — იგივე არქიტექტურული ბიურო, რომელმაც კოსტავას 49-ის კონცეფცია შექმნა.

ჟორდანიას თქმით, ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა.

„ჩვენ გვინდოდა, რომ მთელი ტერიტორია ერთიან ურბანულ ხედვაში განვითარებულიყო. ამიტომ ბუნებრივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროექტზეც Bofill Studio იმუშავებდა.“

მისი შეფასებით, არქიტექტორებმა თბილისის ურბანული კონტექსტის შესწავლას მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს.

„სანამ პროექტების დიზაინზე დაიწყებდნენ მუშაობას, ისინი თბილისში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სწავლობდნენ ქალაქის არქიტექტურას, მის ისტორიას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა.“

ერთიანი ურბანული კონცეფცია

კომპანიის ინფორმაციით, საუბარი არ არის მხოლოდ ცალკეული შენობების განვითარებაზე. პროექტი რამდენიმე ისტორიულ ობიექტსა და სხვადასხვა ფუნქციის სივრცეს ერთიან ურბანულ ქსელად აერთიანებს.

„დღეს ორი ძირითადი პროექტი გვაქვს — კოსტავას 49 და ყოფილი თამბაქოსა და აბრეშუმის ქარხნების ტერიტორია ლაგუნა ვერესთან ერთად. რეალურად, ეს ყველაფერი ერთიან კონცეფციაში განიხილება.“

ჟორდანიას თქმით, ტერიტორიის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საჯარო სივრცეებს.

„გვინდა, რომ შეიქმნას გარემო, რომელიც პირველ რიგში ადამიანებისთვის იქნება კომფორტული. სწორედ ამიტომ პროექტში დიდი ადგილი ეთმობა რეკრეაციასა და გამწვანებას.“

კომპანიის წინასწარი კონცეფციის მიხედვით, ტერიტორიაზე 10 000 კვადრატულ მეტრზე მეტი გამწვანებული სივრცე მოეწყობა, ხოლო საცხოვრებელი კვარტლის შიდა ნაწილი ავტომობილებისგან თავისუფალი იქნება.

საცხოვრებელი, ბიზნეს და სპორტული ფუნქციები

პროექტის მიხედვით, ტერიტორია რამდენიმე მიმართულებით განვითარდება.

ზედა ნაწილი, რომელიც კოსტავას ქუჩას უკავშირდება, ძირითადად საცხოვრებელი ფუნქციის იქნება და ახალ საცხოვრებელ კვარტალს გააერთიანებს.

ქვედა ნაწილში კი დაგეგმილია ბიზნესცენტრის, კომერციული სივრცეების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და ლაგუნა ვერეს განახლებული კომპლექსის განვითარება.

„ეს იქნება მრავალფუნქციური სივრცე, სადაც ერთმანეთის გვერდით იარსებებს საცხოვრებელი, კომერციული, სპორტული და რეკრეაციული ფუნქციები. სწორედ ასეთი ხედვა გვინდა ამ ტერიტორიისთვის.“

ინვესტიცია, რომელიც მილიარდ ლარს გადააჭარბებს

ჟორდანიას თქმით, პროექტის მასშტაბი მნიშვნელოვნად აღემატება კოსტავას 49-ის განვითარებას.

„კოსტავას 49-ის პროექტი დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიციას მოითხოვს. რაც შეეხება კოსტავა 69-სა და მთლიან ტერიტორიას, დასრულების შემდეგ მისი ღირებულება მილიარდ ლარს გადააჭარბებს.“

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მთავარი სამუშაო არქიტექტურულ კონცეფციაზე მიმდინარეობს.

„რამდენიმე თვეა ინტენსიურად ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე უკვე კონცეფციის დონეზე შევძლოთ პროექტის საზოგადოებისათვის წარდგენა.“

განვითარების ახალი ეტაპი თბილისის ცენტრისთვის

კახი ჟორდანიას შეფასებით, კომპანიის ამოცანა მხოლოდ ახალი შენობების აშენება არ არის.

„ჩვენ გვინდა, რომ ისეთ პროექტებზე ვიმუშაოთ, რომლებსაც საკუთარი ისტორია აქვთ. ვფიქრობ, სწორედ ასეთ ადგილებს სჭირდება ყველაზე ფრთხილი მიდგომა.“

მისი თქმით, ისტორიული ინდუსტრიული არქიტექტურის შენარჩუნება თანამედროვე ფუნქციებთან ერთად შესაძლებელი და აუცილებელიც არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქმა თავისი ისტორია შეინარჩუნოს. ახალი არქიტექტურა ძველის გაგრძელება უნდა იყოს და არა მისი ჩანაცვლება.“

თუ პროექტი წარმოდგენილი ხედვის შესაბამისად განხორციელდება, ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ტერიტორია, კოსტავას 49-სა და ლაგუნა ვერესთან ერთად, ერთიან ურბანულ სივრცედ ჩამოყალიბდება. კომპანია წლის ბოლომდე კონცეფციის პრეზენტაციას გეგმავს, რის შემდეგაც უფრო დეტალურად გახდება ცნობილი, როგორ შეიცვლება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ინდუსტრიული უბანი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები - როგორ ჩაიარა წლევანდელმა PLUS-ის დაბადების დღემ

გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები - როგორ ჩაიარა წლევანდელმა PLUS-ის დაბადების დღემ

BM.GE

სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

BM.GE

ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა

ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა

BM.GE

30% ფასდაკლება + 30% დანამატი სასაჩუქრე ბარათზე – მხოლოდ ორი დღით გალერია თბილისში

30% ფასდაკლება + 30% დანამატი სასაჩუქრე ბარათზე – მხოლოდ ორი დღით გალერია თბილისში

BM.GE