
"ყველა მერიაზე საუბრობს და არა კომპანიაზე“ - კალაძემ აუდიტს M „ავლაბრის“ რეაბილიტაციაში ხარვეზებზე მოკვლევა დაავალა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურსა და თავის მოადგილეებს მეტროსადგურ „ავლაბარში“ არსებული მდგომარეობის მოკვლევას ავალებს.
კალაძის თქმით, უამინდობის დროს რეაბილიტირებულ მეტროსადგურში წყალი ჩამოდიოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 4,2 მლნ ლარი შეადგინა. ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამარტივებული გზით კომპანია "ბადა ქონსთრაქშენმა" შეასრულა.
„უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა იმ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგური „ავლაბარი“, რომლის კადრებიც საზოგადოებამ იხილა. ფაქტობრივად, ისე წვიმდა მეტროსადგურში, როგორც გარეთ. წყალი ჩამოდიოდა და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს, უხერხულობას და პრობლემას წარმოადგენდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სადგური თავდაპირველად მძიმე და ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც პროექტის შეთანხმებას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა რეაბილიტაციის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ აშკარა ხარვეზი გამოიკვეთა.
კალაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ვისი ბრალია შექმნილი მდგომარეობა შემსრულებელი კომპანიის, სამუშაოს მიმღების თუ ზედამხედველის, თუმცა დასძინა, რომ მომხდარი მერიის იმიჯს აზიანებს.
„კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება! არ ვიცი, ვისი ბრალია: კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება მოიკვლიოს ყველაფერი და თუ საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ყველას გვაზიანებს, პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე, ჩვენზე“, — აღნიშნა მერმა.
კახა კალაძემ მოუწოდა ყველა კომპანიას, რომელიც მუნიციპალიტეტის შეკვეთით სამუშაოებს ასრულებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ ხარისხის მიმართ, რადგან ინფრასტრუქტურამ ათეულ წლებს უნდა გაუძლოს.
მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულში, რომლის რეაბილიტაციას ბიუჯეტს 4.2 მლნ ლარი დაიხარჯა, უხვი ნალექის შედეგად სახურავის სანიაღვრე სისტემა 22 მაისს დაზიანდა.
მეტროსადგურის "ავლაბარი" რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო, რეაბილიტაცია 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2 წლის წინ, 28 თვის შემდეგ, 2024 წელს დასრულდა.
კონტრაქტორი "ბადა ქონსთრაქშენი" 2011 წელს დარეგისტრირდა და ბაჩანა ადამიას საკუთრებაა. დირექტორი კი მანუჩარ კონცელიძეა. 4.2 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტები აქვს მიღებული. ანუ ეს მისი ერთადერთი პირდაპირი შესყიდვაა. მიღმა ამისა, კომპანიას მხოლოდ 303 ათასი ლარის სამუშაოები აქვს განხორციელებული.
BM.GE
წყარო: bm.ge