
ყველაფერი, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი მოდელით განხორციელებაზე დღეს გახდა ცნობილი
დღეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი მოდელით განხორციელების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, წინა მოდელი, რაც ითვალისწინებდა პორტის 49%-ის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას და კერძო ინვესტორის მიერვე პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის თანხების ჩადებას, შეიცვალა ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით, რა დროსაც სახელმწიფო იქნება პორტის 100%-ის მესაკუთრე. სახელმწიფო ააშენებს პორტის ინფრასტრუქტურას, ხოლო პორტს არ ეყოლება რომელიმე ერთი კონკრეტული ოპერატორი და მის ნაცვლად, სახელმწიფო სხვადასხვა კომპანიებზე გასცემს ტერმინალებს და ნავმისადგომებს იჯარით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფო არ გაასხვისებს პორტის წილებს და მუდმივად შეინარჩუნებს პორტზე სრულ საკუთრების უფლებას.
შესაბამისად, პროექტში არ იქნება ინვესტორის სახით ჩართული ჩინური კორპორაცია CCCC-ი, რომელიც საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოვლინდა. გასული ორი წლის განმავლობაში კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ მოდელი შეცვალა და პროექტი სრულად სახელმწიფო დაფინანსებით აშენდება. პროექტის ჯამურ საინვესტიციო მოცულობად 1.1 მილიარდი დოლარი არის განსაზღვრული, ხოლო დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილების ფონზე უშუალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 200 მილიონი დოლარით მეტის დახარჯვა მოუწევს. ამ თანხის მოზიდვაზე სახელმწიფო მოლაპარაკებებს მართავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
„დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე – ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩართულობის, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პოტენციური ოპერატორების მხრიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ინვესტიცია სამ ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდება. მისი თქმით, პირველი მიმართულება უკვე მიმდინარე საზღვაო სამშენებლო სამუშაოებია.
„სამი მიმართულებით მოახდენს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. პირველი ეს გახლავთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დაღრმავებით და ტალღმტეხის სამუშაოებს გულისხმობს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მეორე მიმართულებაა ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
„მეორე გახლავთ რკინიგზისა და დამაკავშირებელი გზის მოწყობა, რომელიც წინა მოდელშიც აქტუალური იყო და აღნიშნულ მოდელშიც აქტუალურად რჩება,“ – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, სწორედ ახალი განვითარების მოდელიდან გამომდინარე ემატება მესამე კომპონენტი, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.
„შემოდის ახალი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს უშუალოდ ძირითადი და ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის ნავსადგომებისა და სხვა მნიშვნელოვანი თანამდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს არის ის ახალი კომპონენტი, რომლისთვისაც დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს სახელმწიფო და დამატებით მოახდენს ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
კერძო ინვესტორთა მიერ ანაკლიის პორტში საკონტეინერო ტერმინალების, ასევე ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობა მოხდება
„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, პროექტში ასევე ჩაერთვებიან არაერთი ქვეყნის კერძო კომპანიები, თუმცა წამყვანი განმახორციელებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო კერძო კომპანიები ადგილზე მოიჯარეების სტატუსით იოპერირებენ. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, არიან დაინტერესებული კომპანიები დასავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ტერმინალების იჯარით მართვით არიან დაინტერესებული.
"პორტის წილები არ გაიყიდება. ეს იქნება ქართული პორტი, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი. სხვა არავინ იქნება მფლობელი. ეს არის ქართული პორტი და იქნება ქართული პორტი. საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში. ეს არის ლენდლორდ მოდელი, რომელიც არის ყველაზე აპრობირებული მოდელი. ეს მოდელი მუშაობს ნიდერლანდებში, აშშ-ში, სინგაპურში, ბელგაიაში და სხვა ქვეყნებში,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.
აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.
ანაკლიის პორტის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების მიზნით, ასევე პორტის ტალღმტეხის მოწყობისთვის 2024 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობასა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. 2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პირველადი კონტრაქტის ღირებულების 52 მილიონი დოლარით შემცირებას მიაღწია. ამჟამად პორტში სწორედ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს.
BM.GE
წყარო: bm.ge