
"ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა" - ირაკლი ღარიბაშვილი
"უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხურეთ როგორც 2021, ასევე 2022 წელი. ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა",- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილშია აღნიშნული.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მეორე ვადით პრემიერობას აჯამებს და ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრობს.
"სამ წელიწადში ეკონომიკა ოცდაათი მილიარდი ლარით გაიზარდა. შევძელით ინფლაციის კონტროლი - ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდა და ცალკეულ პერიოდებში 1%-ზე ქვემოთაც კი იყო. შედეგად, ფასებზე წნეხი მოიხსნა. მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნითა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებით წამლების ფასებმა მყისიერად დაიკლო - საშუალოდ 30–40%-ით შემცირდა და შედეგად, ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 400 მილიონი ლარი დავაზოგინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიკამენტები 100–300%-იანი ფასნამატით იყიდებოდა და ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა.
ბიუჯეტის დეფიციტი 9%-დან 2,8%-მდე ჩამოვწიეთ, ლარის კურსი 2,6–2,7-ის ფარგლებში დავასტაბილურეთ. მთავრობის ვალი სამ წელიწადში მკვეთრად შევამცირეთ 60%-დან 38%-მდე.
მოსახლეობაზე და განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეებზე გათვლილი მიზნობრივი პროგრამებით (მაგალითად, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველთვიური დანამატები დავუნიშნეთ) უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, შეიქმნა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ გავზარდეთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სამ წელიწადში 40-50%-ით გავზარდეთ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ხელფასები), გავზარდეთ პენსიები, ხელფასები გავუზარდეთ მასწავლებლებსა და ექიმებს.
მაღალი და რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევდა, წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და დამატებითი თანხები მიგვემართა ქვეყნისა და მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებისთვის.
სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ყველა სფერო და ყველა მიმართულება. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე ვიყავით, ხოლო მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით - მეათე ადგილზე. ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გუნდთან ერთად დავძლიეთ ურთულესი კრიზისები. თავიდან ავიცილეთ რევოლუციისა და ომში ჩათრევის რეალური საფრთხეები",- აღნიშნულია წერილში.
BM.GE
წყარო: bm.ge