
ზესტაფონში 500-მაყურებლიანი კომპლექსის პროექტირება იწყება - ხელშეკრულება "აისინქთან" გაფორმდა
ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება კომპანია "აისინქთან" გააფორმა.
სახელმწიფო შესყიდვა 24 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 29 ივნისს დასრულდა. შესყიდვაში მონაწილეობის ინტერესი 4-მა კომპანიამ დააფიქსირა, მათგან გამარჯვებულად შპს "აისინქი" დასახელდა. ამ კომპანიამ შესყიდვის ღირებულება 4 773 214 ლარი წარადგინა.
მუნიციპალური განვითარების ფონდსა და "აისინქს" შორის ხელშეკრულება 13 აგვისტოს გაფორმდა. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 5,632,390 ლარია. I და II სტადიების I, II და III ეტაპებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა კი 2028 წლის 31 დეკემბერი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
"კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.
სპორტულ კომპლექსში დაგეგმილია ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად, მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი მიმართულების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებების, უცხო ენების შესწავლისა და STEM-კლუბისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ზონები.
ზესტაფონისთვის მომზადებული პროექტი ტიპური იქნება და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციებზე მორგების საფუძველზე, მრავალფუნქციური კომპლექსების მოსაწყობად იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება, ძირითადი პროექტის გარდა, დამატებით 5 ლოკაციაზე მის ადაპტირებასაც ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში თანამედროვე სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას", - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
BM.GE
წყარო: bm.ge