
ზომიერი მომზადება და შეზღუდული პროგრესი|როგორ ფასდება საქართველო EU-ს ეკონომიკური კრიტერიუმებით?
მიუხედავად ძლიერი ეკონომიკური ზრდისა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეზღუდული იყო და კვლავ რჩება მნიშვნელოვანი სტრუქტურული სისუსტეები,- ამის შესახებ ევროკომისიის მიერ "2026 წლის გაფართოების პაკეტის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის ეკონომიკური კრიტერიუმები მოიცავს ორ ძირითად ქვეთავს: ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის არსებობა, რომელიც აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ინსტიტუციურ ჩარჩოს და ევროკავშირში არსებულ კონკურენტულ ზეწოლასა და საბაზრო ძალებთან გამკლავების უნარი - აფასებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის მზაობას.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ზომიერად არის მომზადებული და გარკვეულ პროგრესს მიაღწია ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით.
"მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მაღალი იყო, ეკონომიკური პერსპექტივები კვლავ გარკვეულწილად გაურკვეველია. ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია არასტაბილურ გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან. მაკროეკონომიკური პოლიტიკის კომბინაცია, ზოგადად, სათანადოდ იყო განსაზღვრული, რასაც განაპირობებდა ფისკალური მაჩვენებლების ძლიერი შესრულება და გონივრული მონეტარული პოლიტიკა",- წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ხელფასების ზრდა და ინფლაციის ბოლოდროინდელი მკვეთრი მატება საჭიროებს ყურადღებით მონიტორინგს. ევროკომისიის შეფასებით, ხელისუფლებამ გარკვეულ ეკონომიკურ რეფორმებში პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, თუმცა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ნელი ტემპით მიმდინარეობდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის გასული წლის რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა და, შესაბამისად, მათი უმეტესობა კვლავ აქტუალურია. კერძოდ, მომდევნო წლის განმავლობაში საქართველომ უნდა:
• გააგრძელოს საჯარო ფინანსებისა და საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების სისტემის გამარტივებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კორპორაციული მართვისა და ფისკალური ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესების გზით. ასევე, განაგრძოს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება; • აღმოფხვრას შრომის ბაზარზე არსებული ძირითადი სისუსტეები, როგორიცაა დასაქმების დაბალი დონე და მნიშვნელოვანი რეგიონული განსხვავებები; მიიღოს შრომის ბაზრის ახალი სტრატეგია და დაიწყოს მისი განხორციელება; ასევე, გააძლიეროს არაფორმალური ეკონომიკის ყოვლისმომცველი შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევა; • მეტად განავითაროს ფინანსური სექტორის არასაბანკო სეგმენტები, მათ შორის, კაპიტალის ბაზარი და სადაზღვევო სექტორი.
საქართველოს გარკვეული დონის მზაობა და შეზღუდული პროგრესი აქვს მიღწეული ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტულ ზეწოლასა და საბაზრო ძალებთან გამკლავების მიმართულებით.
"ქვეყანამ განაგრძო პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესება. თუმცა, უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა რეფორმამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს აკადემიური განათლების ხარისხზე და კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების ავტონომიასთან დაკავშირებით. კვლევასა და ინოვაციებზე გაწეული დანახარჯები კვლავ ძალიან დაბალია. საჯარო ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარებაში, ინვესტიციების მოცულობა კვლავ მაღალი იყო, თუმცა წინა წელთან შედარებით შემცირდა. ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის დონე კვლავ შეზღუდულია, რასაც ადასტურებს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის დაბალი მოცულობა",- წერია ანგარიშში.
ევროკომისიის გასული წლის რეკომენდაციები ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა და, შესაბამისად, მათი უმეტესობა კვლავ აქტუალურია. მომდევნო წლის განმავლობაში საქართველომ, უნდა:
• გააუმჯობესოს განათლებისა და პროფესიული მომზადების ხარისხი, რათა მათი შედეგები შრომის ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს პროფესიული განათლებისა და მომზადების რეფორმების შემდგომი გაღრმავებისა და უნივერსიტეტების ინსტიტუციური და ფინანსური ავტონომიის შენარჩუნების გზით; • განაგრძოს ძალისხმევა აუცილებელი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და გაზარდოს განახლებადი ენერგიის წილი ენერგეტიკულ ბალანსში; • ხელი შეუწყოს ინოვაციებს და გააძლიეროს ძალისხმევა უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლისა და მომსახურების ექსპორტის გასაზრდელად.
BM.GE
წყარო: bm.ge