ანგარიშის თანახმად, ევროპის მძიმე მდგომარეობაში მყოფ მრეწველობაში დაახლოებით 3,7 მილიონი სამუშაო ადგილია საფრთხის ქვეშ
McKinsey-ს შეფასებით, ევროპაში დაახლოებით 3,7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის ქვეშაა, ვინაიდან 2025 წელს რეგიონის სამრეწველო კომპანიების თითქმის ნახევარი ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა ან კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 2026 წლის დასაწყისის მონაცემები მიუთითებს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება, თუმცა McKinsey-ს თანახმად, არსებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია.
საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპულ სამრეწველო კომპანიებში დაახლოებით 3,7 მილიონი სამუშაო ადგილი ფინანსური სირთულეების გამო უშუალო საფრთხის ქვეშ დგას. ასევე საუბარია 500 მილიარდ ევროზე მეტ დამატებულ ღირებულებაზე - ინდიკატორზე, რომელიც ასახავს კომპანიების წვლილს ეკონომიკურ მაჩვენებლებში.
2025 წელს კვლევაში მოცემული სამრეწველო ფირმების დაახლოებით 45% „სტრესულ“ ან „მძიმე მდგომარეობაში“ მყოფად კლასიფიცირდა; ეს მაჩვენებელი 2023 წელს 39%-ს, ხოლო 2024 წელს — 42%-ს შეადგენდა. 2026 წლის წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ აღნიშნული წილი კიდევ უფრო სწრაფად იზრდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპაში სამრეწველო კომპანიები რეგიონის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენენ; მათზე მოდის დამატებული ღირებულების დაახლოებით 36%, სამუშაო ადგილების 29% და კვლევებისა და განვითარების 45%-ზე მეტი.
მიუხედავად ამისა, McKinsey კომპანიების პრობლემებს „სტრუქტურულად მოგვარებადს“ უწოდებს.
საკონსულტაციო კომპანიის Industrial Financial Health Index–ი მოიცავს ევროპაში რეგისტრირებულ და კერძო საკუთრებაში არსებულ თითქმის 1200 მწარმოებელს, რომელთაგან თითოეულის შემოსავალი 100 მილიონ ევროს აჭარბებს.
ვრცლად euronews – ზე
