ჩინეთმა ადგილობრივ ექსპორტში რუსეთს გაუსწრო – რა პროდუქცია გადის საქართველოდან ჩინეთის ბაზარზე
2026 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებებს შორის ჩინეთმა რუსეთს გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ადგილობრივ ექსპორტში, რომელიც რეექსპორტს არ მოიცავს, ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 655 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რუსეთში კი – 579 მლნ დოლარი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტი 191%-ით გაიზარდა, 225 მლნ-დან 655 მლნ დოლარამდე. რუსეთში კი ზრდამ მხოლოდ 1.6% შეადგინა – 570 მლნ-დან 579 მლნ დოლარამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებით პირველ ადგილზე გადავიდა, ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურა აჩვენებს, რომ ქვეყნის სავაჭრო დამოკიდებულების სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა შესაძლოა მომდევნო თვეებში ექსპორტის მიმართულებებზე გავლენა იქონიოს.
რა პროდუქცია გადის საქართველოდან ჩინეთში?
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთში ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტზე მოდიოდა. ამ კატეგორიის პროდუქციის ღირებულებამ 407 მლნ დოლარი შეადგინა.
აღნიშნული პროდუქცია საანგარიშო პერიოდში მხოლოდ სამ ქვეყანაში გავიდა: ჩინეთში – 407 მლნ დოლარის, ბულგარეთში – 116 მლნ დოლარის, ხოლო სომხეთში – 4 მლნ დოლარის.
მეორე ადგილზე 128 მლნ დოლარით ნავთობპროდუქტები მოხვდა. ამ კატეგორიის ექსპორტის მკვეთრი ზრდა 2025 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის საერთო ღირებულება წლიურად დაახლოებით 45-ჯერ გაიზარდა და 18 მლნ დოლარიდან 829 მლნ დოლარამდე მიაღწია.
ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტის მესამე მსხვილი კატეგორია სპილენძის მადნებია, რომელთა ღირებულებამ 84 მლნ დოლარი შეადგინა. სწორედ ამ პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი მოცულობის გამო იყო ჩინეთი 2020-2022 წლებში არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მთლიანი ექსპორტის მიმართულებითაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი.
რაც შეეხება ღვინოს, ჩინეთში მისი ექსპორტის ღირებულებამ 7.2 მლნ დოლარი შეადგინა და პროდუქციის ჩამონათვალში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.
ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი წლების განმავლობაში არაერთგვაროვანი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2012 წელს მისი ღირებულება 4 მლნ დოლარი იყო, 2017 წელს კი 20 მლნ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, 2024 წლიდან ღვინის ექსპორტი კვლავ 10 მლნ დოლარზე ნაკლებია.
ჩინეთი პირველ ადგილზეა, თუმცა ექსპორტის სტრუქტურა განსხვავებულ სურათს აჩვენებს
ჩინეთის მიერ ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის გასწრება ექსპორტის ღირებულების ზრდას ასახავს, თუმცა ამ მაჩვენებლის შეფასებისას მნიშვნელოვანია პროდუქციის სტრუქტურის გათვალისწინებაც.
ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ძვირფასი ლითონების მადნებზე, სპილენძის მადნებსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის. ამ სექტორებში ექსპორტი რამდენიმე კომპანიასთან არის დაკავშირებული, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა შედარებით მცირეა.
ამისგან განსხვავებით, ღვინის წარმოება და ექსპორტი გაცილებით ფართო სოციალურ და ეკონომიკურ წრეს მოიცავს. მევენახეობა ათასობით ადამიანისთვის შემოსავლის წყაროა, ღვინის ექსპორტს კი ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობაც აქვს.
მაგალითად, 2022 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 252 მლნ დოლარი შეადგინა, სპილენძის მადნების ექსპორტმა კი – დაახლოებით 1 მლრდ დოლარი. მიუხედავად ამ სხვაობისა, სპილენძის მადნების ექსპორტის ზრდას ისეთივე საჯარო ყურადღება არ მოჰყოლია, როგორიც ქართულ ღვინოს.
რუსული ემბარგო და შესაძლო ცვლილებები ექსპორტში
საქართველოში საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე.
2023 წელს ჩინეთში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 58%-ით შემცირდა და 737 მლნ დოლარიდან 311 მლნ დოლარამდე დაეცა. თუმცა, ამ შემცირებას არ მოჰყოლია ისეთივე ფართო ეკონომიკური და საზოგადოებრივი გამოხმაურება, როგორიც 2006 წელს რუსეთის მიერ ქართული პროდუქციისთვის ბაზრის ჩაკეტვას ჰქონდა.
2026 წლის ოქტომბერში რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ნაწილობრივი ემბარგო კვლავ სანიტარული ნორმების დარღვევის მიზეზით გამოაცხადა. შეზღუდვები ორი ეტაპით, თვის დასაწყისსა და ბოლოს დაწესდა.
ოქტომბერში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა. კიდევ უფრო მკვეთრი, 39%-იანი კლება დაფიქსირდა მაღალალკოჰოლური სპირტიანი სასმელების ექსპორტში. ამასთან, სპირტიანი სასმელების ექსპორტი რუსეთში იანვარ-სექტემბერშიც 15%-ით იყო შემცირებული.
რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების რეალური გავლენა საქართველოს ექსპორტზე უფრო მკაფიოდ ნოემბრისა და დეკემბრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდება. სწორედ ეს მონაცემები აჩვენებს, რამდენად აისახა ახალი ემბარგო ქართულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე და რამდენად შეძლებენ მწარმოებლები ალტერნატიული ბაზრების ათვისებას.
