ენგურ-ვარდნილის ელექტროენერგიის გამომუშავება ოქტომბერში 28.9%-ით შემცირდა- Galt&Taggart
2026 წლის ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდებაში განახლებადი წყაროების წილი 83.7%-მდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 78.8%-დან. ზრდა წყალუხვობამ და 206 მგვტ სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურის ამოქმედებამ განაპირობა.
ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, ოქტომბერში ენგურჰესზე ტექნიკური შეფერხებების გამო თბოსადგურების მუშაობა კვლავ საჭირო იყო, თუმცა სხვა ჰესების და ქარის სადგურის გაზრდილმა გამომუშავებამ, ასევე თურქეთიდან დაბალფასიანმა ბარტერულმა იმპორტმა, თბოგენერაციის წილი 19.8%-დან 11.7%-მდე შეამცირა.
ამასთან, ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 0.7%-ით შემცირდა. საცალო სეგმენტში მოხმარება 4%-ით გაიზარდა, თუმცა ეს აფხაზეთში მოხმარების 18.4%-იანმა კლებამ გადაწონა. ანგარიშის თანახმად, კლება მრიცხველების მონტაჟსა და საფასურის ამოღების გაუმჯობესებას უკავშირდება.
2026 წლის ოქტომბერში ჰიდროგენერაცია წლიურად 1.5%-ით გაიზარდა და 0.9 ტვტ.სთ შეადგინა, რაც ელექტროენერგიის მთლიანი მიწოდების 79.9%-ია. ამასთან, ენგურ-ვარდნილის გამომუშავება ტექნიკური შეფერხებების გამო 28.9%-ით შემცირდა, თუმცა კლება სხვა ჰესების გენერაციის ზრდამ დააბალანსა.
ქარის ელექტროსადგურების გამომუშავებამ ელექტროენერგიის მთლიანი მიწოდების 3.8% შეადგინა, გასული წლის ოქტომბერში არსებული 0.6%-ის ნაცვლად. ზრდა რუისის ქარის სადგურის ამოქმედებას უკავშირდება. მზის გენერაცია კი წლიურად 3%-ით შემცირდა და მოხმარების მხოლოდ 0.1% დააკმაყოფილა.
ამასთან, თბოგენერაცია წლიურად 41.5%-ით შემცირდა, მისი 88% კი „გარდაბანი 1“-ზე მოდიოდა.
„გალთ ენდ თაგარტის“ შეფასებით, 2026 წელს წყალუხვობამ, ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებამ და თურქეთში ფასების კლებამ ექსპორტი 49.6%-ით შეამცირა. შედეგად, მაისი-ივლისის პერიოდში ადგილობრივი გენერაციის შეზღუდვა გახდა საჭირო. ანალოგიური შეზღუდვები ნოემბერშიც განახლდა, სავარაუდოდ, ქსელში ტექნიკური შეფერხებების გამო.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 10 თვის შედეგები ელექტროენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი პროექტების პრიორიტეტიზაციისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ მათი სიმძლავრე, არამედ გენერაციის პროფილი და ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობაში შეტანილი წვლილი. ეს პრიორიტეტები კი კონკურენციის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს.
