ჰესებს გენერაციის შეზღუდვა უწევთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ, შესაბამისად ზარალიც სახეზეა - „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“
ჰიდროელექტროსადგურებისთვის გენერაციის შეზღუდვები კვლავ გრძელდება. წელს პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ჰესებს ე.წ. წყლის დაღვრა ნოემბერშიც მოუხდათ.
როგორც “ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” მმართველმა პარტნიორმა აღნიშნა, გენერაციის შეზღუდვები 4-5 დღეა გრძელდება და ძირითადად ღამის საათებში ფიქსირდება.
„გიდასტურებთ, რომ დღესაც სახეზეა გენერაციის შეზღუდვები. ღამის საათებშია ძირითადად. ეს მდგომარეობა დაუგეგმავია ცალსახად, ჩვენთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. რა თქმა უნდა, ასეთი შეზღუდვები არ არის კარგი საინვესტიციო გარემოსთვის, ასევე განხორციელებული ინვესტიციებისთვის. პირველი შემთხვევაა, როცა ნოემბერში ფიქსირდება მსგავსი შეზღუდვა. თბოსადგურიც მუშაობს, იმპორტიც ხორციელდება და ამ დროს წყლის დაღვრა ხდება,“-აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ.
მისივე თქმით, ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში გენერაციის შეზღუდვის რეჟიმის შერჩევის მიზეზი სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა. რაც შეეხება ზარალს, რაც გენერაციის შეზღუდვის გამო კომპანიებს ადგება, ჯერჯერობით დათვლილი არ არის.
„არ დაგვითვლია ზარალი, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ, შესაბამისად ზარალიც სახეზეა. არ მგონია, რომ ასეთი შეზღუდვები კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, წყლის დონე მცირდება და შესაზღუდიც აღარაფერი იქნება,“-აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ.
მისივე განმარტებით, შეზღუდვები ყველა გენერაციის ობიექტს, მათ შორის ჰიდროსა და ქარის ელექტროსადგურებს ეხება.
ცნობისთვის, ზაფხულში გენერაციის შეზღუდვით ენერგეტიკის სექტორმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღო, რის გამოც პროექტების ნაწილს საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემაც შეექმნა.
