სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო მშენებლობა 2027 წელს დაიწყება
სომხეთში აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული TRIPP-ის (Trump Route for International Peace and Prosperity) პროექტის ფარგლებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სიუნიქის პროვინციაში უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა და საწყისი საინჟინრო სამუშაოები, რათა მომდევნო წელს რკინიგზის მშენებლობა დაიწყოს. კოსტანიანის განცხადებით, პროექტის განმახორციელებელი სომხურ-ამერიკული კომპანიის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასრულებულია და კომპანია სომხეთში მალე ოფიციალურად დარეგისტრირდება.
პროექტი ითვალისწინებს სომხეთის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო კავშირის შექმნას, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დააკავშირებს. რკინიგზის გარდა, დაგეგმილია საავტომობილო გზისა და ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ამ მიმართულებებით კვლევები უკვე შეკვეთილია, მათი წინასწარი შედეგები კი უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.
კოსტანიანის განმარტებით, სარკინიგზო და ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კოორდინაცია ხარჯების შემცირებასა და პროექტის ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, TRIPP-ის მნიშვნელობა მხოლოდ სომხეთითა და აშშ-ით არ შემოიფარგლება და პროექტი საერთაშორისო ლოგისტიკური მარშრუტების ნაწილად უნდა იქცეს
