მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას - თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი
მკაცრად ვგმობ ბათუმში, საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, ბურჰანეტინ დურანი ავრცელებს.
მისი მტკიცებით, პალესტინელი ხალხისადმი მშვიდობიანი გზით სოლიდარობის გამოხატვა არანაირად არ უნდა იყოს ძალადობისა და ჩარევის გამართლება.
“თანაგრძნობას ვუცხადებ „ბეშიქთაშის“ საზოგადოებასა და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ამ მოვლენების გამო დაზარალდნენ. ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას საუკეთესო პასუხი გასცეს ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა - სოლიდარობის გზავნილებით, ხოლო თავად „ბეშიქთაშმა“ - მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით. ვულოცავ „ბეშიქთაშის“ დიდ ოჯახს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
