მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი ინტერნეტქცევას ვერ აკონტროლებს
ნეგატიური ინფორმაციის უსასრულოდ სქროლვა („დუმსქროლინგი“) და სოციალურ ქსელებში საათობით დროის გატარება შესაძლოა ციფრული ეპოქის ჩვეულებრივ თანმდევ მოვლენად მოგვეჩვენოს. თუმცა, მკვლევრები პრობლემური ინტერნეტქცევის მზარდ მასშტაბებზე მიუთითებენ და მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად განიხილავენ. სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მეათე ადამიანი ინტერნეტის გამოყენებას სათანადოდ ვეღარ აკონტროლებს, რის გამოც ზიანდება მისი ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობები, სამუშაო ან ცხოვრების ხარისხი.
მკვლევრები პრობლემური ინტერნეტქცევის რამდენიმე ფორმას გამოყოფენ, მათ შორის სოციალურ ქსელებზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებას, ონლაინ თამაშებს, აზარტულ თამაშებს, ინტერნეტშოპინგს, კიბერბულინგსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის აკვიატებულ ძიებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული პლატფორმების დიზაინს — უსასრულო სქროლვას, ვიდეოების ავტომატურ ჩართვას, პერსონალიზებულ რეკომენდაციებსა და მუდმივ შეტყობინებებს, რომლებიც მომხმარებლის ყურადღების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაზეა გათვლილი.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები წარმოადგენენ. პრობლემური ინტერნეტქცევის შედეგები მხოლოდ ფსიქოლოგიური დისკომფორტით არ შემოიფარგლება — მას შეუძლია გავლენა მოახდინოს განათლებაზე, შრომისუნარიანობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის ეკონომიკური და სოციალური დანახარჯები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს აღწევს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში წლიური ზიანი 10-12 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული.
დუმსქროლინგის გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცალკე კვლევაც მიეძღვნა, რომელიც 2026 წლის სექტემბერში ჟურნალ Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნდა. 44 კვლევის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ნეგატიური ინფორმაციის იძულებითი და განმეორებითი მოხმარება დაკავშირებულია შფოთვის, დეპრესიისა და ფსიქოლოგიური დისტრესის უფრო მაღალ მაჩვენებლებთან, ასევე ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ცხოვრების კმაყოფილების დაბალ დონესთან. თუმცა, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არსებული მონაცემები ამ კავშირს ადასტურებს, მაგრამ მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებას საბოლოოდ ვერ ადგენს.
მკვლევრები ტექნოლოგიურ კომპანიებს ალგორითმების მუშაობის მეტი გამჭვირვალობისკენ, ციფრული პლატფორმების დამოუკიდებელი აუდიტისა და მომხმარებლის ყურადღების ხელოვნურად შენარჩუნებაზე ორიენტირებული ფუნქციების შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით, საკითხის მოგვარება მხოლოდ ინდივიდუალური თვითკონტროლის იმედად ვერ დარჩება — აუცილებელია ისეთი ციფრული გარემოს შექმნა, რომელიც მომხმარებლის კეთილდღეობასაც გაითვალისწინებს.
