შავ ზღვაში ზავის წინადადება წარვადგინეთ, რუსეთს არარეალისტური მოთხოვნები აქვს – სიბიჰა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას თქმით, უკრაინამ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარადგინა, თუმცა რუსეთს "არარეალისტური მოთხოვნები" აქვს და ცდილობს, რომ ერთ-ერთ პირობად ნავთობის მიწოდება ჩაამატოს.
სიბიჰას თქმით, უკრაინა ზავისთვის მზადაა, თავისუფალი საზღვაო მოძრაობის აღდგენისკენ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის უზრუნველყოფისკენ ისწრაფვის და მზად არის, რომ მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოების გარანტიორის როლი იკისროს.
"ზავისთვის მზად ვართ. ინდოეთის, თურქეთისა და ეგვიპტის მადლიერები ვართ, რომლებიც შავ ზღვაში დეესკალაციაში და ასევე შუამავლობის ძალისხმევაში აქტიურ როლს ასრულებენ. ახლა რუსეთისგან პასუხს ველით. ყველა ჩვენი წინადადება გადავეცით". - თქვა სიბიჰამ.
ამასთან, სიბიჰამ ხაზი გაუსვა, რომ შავ ზღვაში საზღვაო გადაადგილების უსაფრთხოების აღსადგენად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა არის საჭირო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა "არარეალისტური მოთხოვნები" წარადგინა, კერძოდ, შეთანხმებაში ნავთობის ჩამატებაზე. თუმცა, სიბიჰას თქმით, ეს უფრო ფართო ენერგეტიკული ზავის ნაწილი უნდა იყოს.
"ისინი პირობებში პირდაპირ ნავთობის ჩამატებას გვთავაზობენ. ნავთობი შესაძლოა უფრო ფართო ენერგეტიკული ზავის ელემენტი იყოს". - თქვა სიბიჰამ.
