თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს
საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. რუსეთიდან გამოგზავნილ საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება საკვები ზეთისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში იყო დამალული. ის საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენული ინსპექტირების შედეგად გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ფაქტი შემოსავლების სამსახურის თბილისის აეროპორტის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მოქმედებების შედეგად აღიკვეთა.
მომხდარზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
