ესპანეთში იანვარში მომხდარი სარკინიგზო ავარია, სავარაუდოდ, უხარისხო შედუღებამ და გრუნტის დაწევამ გამოიწვია
გამოძიებამ დაადგინა, რომ ანდალუსიაში მიმდინარე წლის იანვარში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფა, შესაძლოა, რელსის უხარისხო შედუღებამ და გრუნტის დაწევამ გამოიწვია.
კორდობის პროვინციის ქალაქ ადამუსში ავარიას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.
საქმის გამომძიებელი სამი ინჟინერი წინასწარ ანგარიშში მიუთითებს სარკინიგზო ხაზზე არსებულ დეფექტზე, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში გამოვლინდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამან შეუწყო ხელი რელსის დაზიანებას, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლა და მეორე მატარებელთან შეჯახება გამოიწვია.
ექსპერტების განმარტებით, ერთ-ერთი რელსი, სავარაუდოდ, მიწაში ჩაფვლას იწყებდა, რაც მატარებლების მოძრაობისას მოპირდაპირე რელსზე დამატებით დატვირთვას ქმნიდა. დროთა განმავლობაში, ამან შედუღების ადგილი იმდენად დაასუსტა, რომ საბოლოოდ რელსი გატყდა.
მართალია, არსებული პრობლემა მატარებლებისთვის სიჩქარის შემცირებას არ მოითხოვდა, თუმცა ის სარკინიგზო ხაზის უფრო მკაცრ მონიტორინგსა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებდა.
ექსპერტების თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სარემონტო სამუშაოები მართლაც ჩატარდა.