Eurostar-ის თანამშრომლების მოულოდნელმა გაფიცვამ პარიზსა და ლონდონს შორის მატარებლების მიმოსვლა შეაფერხა
25 ნოემბერს პარიზში მომუშავე პერსონალი მოულოდნელად გაიფიცა. შედეგად პარიზსა და ლონდონს შორის „ევროსტარის“ რეისები შეჩერდა.
გაუქმდა სულ მცირე ექვსი რეისი, მათ შორის იმ მატარებლის, რომელიც ბრიუსელიდან მოდიოდა.
ოპერატორი კომპანიის ცნობით, გაფიცვის შესახებ მათ ღამით აცნობეს. გაფიცულთა შორის არიან მატარებლის მემანქანეები და მენეჯერები.
Eurostar-მა ბოდიში მოიხადა შექმნილი დისკომფორტისთვის და განაცხადა, რომ მგზავრებს, რომლებსაც რეისები გაუუქმდათ, შეეძლებათ მგზავრობის თარიღის შეცვლა ან კომპანია მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. კომპანიამ მომხმარებლებს ურჩია, სადგურზე არ მისულიყვნენ.
Eurostar-მა ასევე მოუწოდა პროფკავშირებს, მოლაპარაკებები უშუალოდ კომპანიასთან გააგრძელონ და აღნიშნა, რომ მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, ვინ გაიფიცა და რა იყო პროტესტის მიზეზი.