იტალიის პოზიციაა, რომ უკრაინის ომი ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს არ შეეხოთ
ბენღაზის პორტში, სამხედრო-საზღვაო ბაზაზე უკრაინული ძალების მიერ რუსულ ხომალდზე 22 ნოემბერს მიტანილმა იერიშმა იტალიის ხელისუფლებაში გარკვეული შიში გააჩინა, რომ ინციდენტი მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე ომის მასშტაბს გაზრდის და მას ხმელთაშუა ზღვის აუზშიც გაავრცელებს.
გარდა იმისა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სატელეფონო საუბრისას, თავის უკრაინელ კოლეგას, ანდრი სიბიჰას შეშფოთება გამოუთქვა კიევის მიერ ჩატარებული ოპერაციის გამო, ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შესახებ რომმა არაფერი იცოდა.
დიპლომატის თქმით, მომხდარი ვერ შეარყევს იტალიისა და უკრაინის ურთიერთობებს, თუმცა პოტენციურ რისკებზე საუბარი აუცილებელია.
„კიევისადმი ჩვენი მხარდაჭერა ხელს არ გვიშლის, გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება ლიბიაში უკრაინის მიერ განხორციელებულ ბოლო თავდასხმასთან დაკავშირებით - ქვეყანაში, სადაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები გვაქვს.
ომი ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე არ უნდა გავრცელდეს. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირე სამშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან სატელეფონო საუბრისას.
ამავდროულად, ვიზიარებთ შეშფოთებას რეგიონში მტრული ძალების, კერძოდ კი რუსეთის, მზარდი გავლენის გამო. რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორია და ჩვენი სანაპიროებიდან სულ რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით იმყოფება.
მინდა, სრულიად მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არ ვიცოდით კიევის განზრახვის შესახებ, განეხორციელებინა დარტყმა ლიბიის ტერიტორიულ წყლებში, ერთ-ერთ პორტში, და ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაგვიჭერია.
დარწმუნებული ვართ, რომ ლიბიის სუვერენიტეტის დარღვევა შეცდომაა და უკრაინის ინტერესებს არ ემსახურება.
უაღრესად მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ კონფლიქტის სხვა ქვეყნებზე გავრცელება, რამაც შესაძლოა ახალი კერების წარმოქმნის საფრთხე შექმნას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, სადაც შემდგომი დესტაბილიზაცია პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ვგულისხმობ შესაძლო შედეგებს მიგრაციულ მარშრუტებზე, ტერორიზმის ახალი საფრთხეების წარმოშობის რისკს, ენერგორესურსების მარაგების უსაფრთხოებასა და ნაოსნობის თავისუფლებას.
ბენღაზიზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ დაუყოვნებლივ მოვიწვიე საგარეო საქმეთა მინისტრის კრიზისული მართვის ჯგუფის შეხვედრა რეგიონში ჩვენს ელჩებთან ერთად, რათა შეგვეფასებინა ვითარება და განგვეხილა ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესინტერესების დაცვის ყველა შესაძლო ღონისძიება.
ლიბიის სტაბილურობა იტალიის საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური პრიორიტეტია. ჩვენ დიალოგს ვინარჩუნებთ ლიბიის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ტრიპოლიტანიაში, ისე კირენაიკაში, რათა ხელი შევუწყოთ გაეროს ეგიდით პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას, დაძლეულ იქნას ქვეყნის შიდა დაპირისპირება და აღდგეს ეროვნული ერთიანობა“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.
იტალიელი მინისტრის სიტყვებით, თავიდან უნდა იყოს აცილებული სხვა კონფლიქტებთან დაკავშირებული ისეთი დაძაბულობა, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს იტალიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევას.
დიპლომატი ამბობს, რომ ყოველთვის ითხოვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან, „მეტი ყურადღება დაეთმო სამხრეთ ფლანგისთვის“, რასაც 2 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე კვლავ დღის წესრიგში დააყენებს, რადგან აუცილებელია ამ ფლანგზე სტრატეგიული ხედვის არსებობა.
„თქვენ იცით უკრაინისადმი ჩემი და იტალიის მხარდაჭერის შესახებ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ომი ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე არ უნდა გავრცელდეს და არც შეიძლება გავრცელდეს.
ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია სრულიად მკაფიო უნდა იყოს. როგორც ბოლო დღეებში, ახლაც მკაფიო გზავნილი უნდა მივაწოდოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს.
ამასთან, არ ვისურვებდი ამ საკითხის ფინანსური რესურსების თემასთან დაკავშირებას. მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა უკრაინას თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაში დახმარება გავუწიოთ. თუმცა, ამავდროულად, უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაც.
სწორედ ამიტომ, ამ საკითხზე ჩემი პოზიცია მკაფიო იყო და კვლავაც მკაფიო იქნება პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინასთან ურთიერთობისას“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ჯორჯა მელონის მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, რომ არ აპირებს პოზიციის შეცვლას და კიევის მხარდაჭერას განაგრძობს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პოლიტიკურ ფასად დაუჯდება. მისი თქმით, ის კიევს მხოლოდ უკრაინელების გამო არ ეხმარება და ამ ნაბიჯს უპირველესად იტალიის ეროვნული ინტერესების დასაცავად დგამს.
მელონის შეფასებით, საერთაშორისო გარემო, სადაც მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესის კანონი მოქმედებს, იტალიის ინტერესებში არ შედის. მან დასძინა, რომ ეს არა პოლიტიკური მოსაზრება, არამედ ფაქტია.
