ორიგინალი
უშედეგო დისკუსია -ევროკავშირის ლიდერები მრავალწლიან ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან
ევრონიუსი საქართველო·13:42

უშედეგო დისკუსია -ევროკავშირის ლიდერები მრავალწლიან ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან

27 ნოემბერი, 2026 · 13:42

ევროკავშირის მომდევნო 7 წლის ბიუჯეტზე თანხმობა ისევ არ არის. საკითხის ირგვლივ ლიდერების ნაწილი განსხვავებულ პოზიციებზე რჩება და ძირითადად ვერ თანხმდება გაერთიანების მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე.

ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული თავდაცვის სფერო, თუმცა ამ მოსაზრების ოპონენტების შეფასებით, ბიუჯეტის აქცენტი უნდა კეთდებოდეს სოფლის მეურნეობასა და რეგიონულ განვითარებაზე.

ამ მოსაზრების მომხრეების თქმით, ეს მიმართულებებიც პირდაპირაა დაკავშირებული არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან და მიზნად ისახავს ევროპული სახელმწიფოების დამოკიდებულების შემცირებას სხვა პარტნიორ ქვეყნებზე.

თუმცა, მოლაპარაკებების პროცესში დავის საგანი მხოლოდ ეს არ არის. კონსესუსის მიღწევას კიდევ უფრო მეტად ართულებს უკრაინის საკითხი იმ ვითარებაში, როდესაც კიევი 2027 წელს ფინანსური სახსრების უზარმაზარი დეფიციტის წინაშეა, ხოლო მოსკოვი არანაირ მზაობას არ იჩენს ომის დასასრულებლად.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელმაც სამიტამდე საკამათო განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, უკრაინისთვის მომავალში გასაწევი ფინანსური დახმარება უშუალოდ ევროკავშირის საერთო ბიუჯეტს უნდა დაუკავშირდეს. ამავე იდეას იზიარებენ ნიდერლანდები, შვედეთი, დანია და ირლანდია.

ამასთან, მერცმა დასძინა, რომ მთელ პაკეტს ვეტოს დაადებს, თუ მასზე თანხმობას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არ განაცხადებს - ამ ფონზე კი უკვე ცნობილია, რომ ვიშეგრადის ოთხეულიდან სამი ქვეყანა ბიუჯეტის მსგავსი ფორმით მიღების წინააღმდეგია:

„საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე და უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ფორმირებასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის მოსაზრებები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს ნამდვილად არ არის მოულოდნელი. ყველამ ვიცით, რომ ამ საკითხზე პოზიციების დაახლოებას დრო და კეთილი ნებაა საჭირო.

მოლაპარაკებები ორ ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნებოდა. ერთ-ერთი ის არის, რომ სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა სახარბიელო არ არის. ეს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს ეხება. ყველას გვიწევს ხარჯების შემცირება და სწორედ ამიტომ, ევროპულ დონეზე არ უნდა გავცეთ ისეთი დაპირებები, რომელთა შესრულებასაც ვერ შევძლებთ.

მოლაპარაკებების მთავარი აქცენტი იმ საკითხებზე გაკეთდა, რომლებიც ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

პირველი - ბიუჯეტის საერთო მოცულობა არ უნდა გაიზარდოს არაპროპორციულად. ევროპამ ზომიერების გრძნობა უნდა შეინარჩუნოს. შესაბამისად, ბიუჯეტი განუსაზღვრელად ვერ გაიზრდება და ფინანსური ტვირთი წევრ სახელმწიფოებს შორის სამართლიანად უნდა განაწილდეს. თუმცა, ამ მიზნის მიღწევისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ.

მეორე - აუცილებელია წევრი სახელმწიფოების ფინანსური შენატანების კორექტირება. ეს გარდაუვალია და სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს აფინანსებს, თუმცა წინასწარ განაწილებული სახსრების მხოლოდ დაახლოებით 8%-ს იღებს. თანადაფინანსებისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში გამოყოფილი თანხების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ ის კორექტირების მექანიზმები, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია.

მესამე - სწორად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები. როგორც უკვე მოკლედ აღვნიშნე, ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი ეკონომიკა და უზრუნველყოს უსაფრთხოება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ჩიხში შესული საბიუჯეტო მოლაპარაკებების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებში წინსვლა მიღწეულია - ამ კონტექსტში კი ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროკავშირის რესურსები“ დაასახელა, რაც, მისი თქმით, „ქმნის შესაძლო საფუძველს იმ შემოსავლების გენერირებისთვის, რომლებიც მომავალი ბიუჯეტისთვისაა საჭირო“:

„ციფრული მომსახურების გადასახადმა ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და, ჩემი შეფასებით, არსებობს კარგი პერსპექტივა, რომ შევთანხმდეთ საკუთარი რესურსების ახალ, მყარ პაკეტზე.

მეორე არის ამბიციების საკითხი. მოლაპარაკებების წინა ორმა ეტაპმა უკვე გამოიწვია ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირება. მესმის კომპრომისების აუცილებლობა, თუმცა, ამავდროულად, არ უნდა გადავუხვიოთ იმ პრიორიტეტებს, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად შევთანხმდით.

ევროპული საბჭოს თითოეულ სხდომაზე ჩვენ ევროპული მასშტაბით უფრო აქტიური მოქმედების აუცილებლობას ვუსვამდით ხაზს.

მესამე საკითხი - რამდენიმე სიტყვა მოლაპარაკებების ვადებზე. დღევანდელი საუბრები სასარგებლო იყო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი. ახლა თავსატეხის ყველა ნაწილი ერთ მთლიანობად უნდა შევკრათ.

ეს რთული გამოწვევა იქნება, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ შეთანხმების მიღწევა აუცილებელია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

14-საათიანი დისკუსიიდან მთავარი შეთანხმება მხოლოდ იმაზეა მიღწეული, რომ ბულგარეთი მიიღებს მონაწილეობას ევროკომისიის მიერ გასულ კვირაში შემოთავაზებულ ახალ, 45 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის კრედიტში, რომელიც უკრაინისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, სამიტის ფარგლებში გაირკვა, რომ ოფიციალური სოფია არ გეგმავს კიევისთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის დაფინანსებაში მონაწილეობას.

თავის მხრივ, ევროკომისიის კრედიტი განკუთვნილია უკრაინის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტის 2/3-ის დასაფარად.

45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი ბრიუსელმა ორ ნაწილად დაყო: 25 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო 20 მილიარდი - უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის.

სესხის მომსახურება ყოველწლიურად 2-დან 2,5 მილიარდ ევრომდე დაჯდება საპროცენტო გადასახადების სახით, რომელთა დაფარვაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ.

კიევს სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება არ მოუწევს, ვიდრე მოსკოვი უკრაინისთვის მიყენებული ომის ზიანის კომპენსაციის სახით რეპარაციებს არ გადაიხდის.

მრავალწლიანი ბიუჯეტის საკითხის განხილვის დასრულებას ზოგიერთი ევროპელი ლიდერი შობის დღესასწაულამდე ელის, თუმცა ზოგიერთი ამდენად პოზიტიურად განწყობილი არაა და ფიქრობს, რომ ეს პროცესი გაცილებით დიდ დროს წაიღებს.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ პარიზი გამოეთიშება მოლაპარაკებებს, თუკი ლიდერები შეთანხმებას წლის ბოლომდე არ მიაღწევენ.

ემანუელ მაკრონმა პარტნიორები გააფრთხილა, რომ, „პოლიტიკური და დემოკრატიული მიზეზებიდან გამომდინარე“, რაც უმთავრესად გამოწვეულია საფრანგეთის 2027 წლის გაზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნებით, „31 დეკემბრის შემდეგ ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ხელახლა გახსნა ან დასრულება შეუძლებელი იქნება.“

მაკრონის მიერ წამოყენებული მკაცრი ვადა ეწინააღმდეგება სხვა ლიდერების პოზიციას. მათ შორის არიან იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და მის ნიდერლანდელი კოლეგა რობ იეტენი, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დროითი შეზღუდვებით არ არიან შებოჭილნი და მათი მთავარი მიზანი ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით „კარგი შეთანხმების“ მიღწევაა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: euronewsgeorgia.com
  1. მთავარი
  2. ევრონიუსი საქართველო
  3. უშედეგო დისკუსია -ევროკავშირის ლიდერები მრავალწლიან ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 166 სტატია.

  • ფორმულა·14:59
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • რუსთავი 2·14:22
    Euronews: "წმინდა პოლიტიკური თეატრი" და უთანხმოება - ევროკავშირის ქვეყნებმა 7 წლიანი ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
  • პუბლიკა·13:42
    ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ
  • იმედი·13:23
    Financial Times: მარინ ლე პენი - ქალი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა შეუძლია
ევროკავშირის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ევრონიუსი საქართველო·13:53

ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება

ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება
ევრონიუსი საქართველო·13:49

იბიცის სანაპიროსთან 6 900 ტონა დიზელით დატვირთული გემი ჩაიძირა

იბიცის სანაპიროსთან 6 900 ტონა დიზელით დატვირთული გემი ჩაიძირა
ევრონიუსი საქართველო·16:26

სამხრეთ აფრიკაში დააკავეს რუსეთის ომში წასვლის მსურველი ზიმბაბველი

სამხრეთ აფრიკაში დააკავეს რუსეთის ომში წასვლის მსურველი ზიმბაბველი
ევრონიუსი საქართველო·16:20

მიგრანტთა ბელარუსში დაბრუნების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთი და ლატვია გაამტყუნა

მიგრანტთა ბელარუსში დაბრუნების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთი და ლატვია გაამტყუნა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.