ორიგინალი
ხიდი ქართულ სტარტაპებსა და გლობალურ ბაზარს შორის
ფორბს საქართველო·12:24

ხიდი ქართულ სტარტაპებსა და გლობალურ ბაზარს შორის

26 ნოემბერი, 2026 · 12:24

ქართული სტარტაპეკოსისტემა სწრაფად ვითარდება, თუმცა გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება დამფუძნებლებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო გამოცდილებასთან, ინვესტორებთან და პოტენციურ პარტნიორებთან წვდომაა. როგორ ეხმარება აქსელერაციის პლატფორმა Plug and Play ქართულ სტარტაპებს განვითარებაში, რა შედეგები აჩვენა პროგრამის პირველმა ნაკადმა და რა შესაძლებლობებს ქმნის ახალი მონაწილეებისთვის? – ამ საკითხებზე Forbes Georgia-ს Plug and Play Georgia-ს ხელმძღვანელი მაქსიმე რამიშვილი ესაუბრა.

რა არის Plug and Play-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულება, როგორ მუშაობს მისი გლობალური ეკოსისტემა და რით განსხვავდება კომპანიის აქსელერაციის მოდელი სტარტაპების მხარდაჭერის სხვა პროგრამებისგან?

Plug and Play გლობალური ინოვაციების პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტარტაპებს, კორპორაციებს, ინვესტორებს, უნივერსიტეტებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და მენტორებს. სწორედ ეს ქსელი არის ჩვენი მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.

ჩვენთვის აქსელერაცია მხოლოდ ტრენინგების ან ვორქშოპების სერია არ არის. პროგრამა მაქსიმალურად პრაქტიკულ მუშაობაზეა აგებული. დამფუძნებლები მუშაობენ კონკრეტულად საკუთარ პროდუქტზე, ბიზნესმოდელზე, გაყიდვებზე, ბაზარზე შესვლის სტრატეგიასა და ინვესტორებთან კომუნიკაციაზე. გვაქვს ინდივიდუალური 1:1 სესიები, საერთაშორისო ექსპერტების ვორქშოპები და პრაქტიკული ჰაკათონები, სადაც გუნდები რეალურ ბიზნესგამოწვევებს ამუშავებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Plug and Play-ის ეკოსისტემასთან ურთიერთობა პროგრამის დასრულებით არ მთავრდება. ჩვენი მიზანია, ქართულ სტარტაპებს უფრო ფართო საერთაშორისო ქსელთან მივცეთ წვდომა და დავეხმაროთ მათ იმ კავშირების შექმნაში, რომლებიც რეალურად შეიძლება გადაიზარდოს პარტნიორობაში, ინვესტიციაში, ახალ მომხმარებელში ან ახალ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობაში.

რა ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო Plug and Play-მ საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება? რატომ გახდა ქართული ბაზარი საინტერესო კომპანიისთვის და რა პოტენციალს ხედავს ის ადგილობრივ სტარტაპეკოსისტემაში?

საქართველოში ძალიან საინტერესო დინამიკას ვხედავთ. ბაზარი შედარებით მცირეა, მაგრამ სწორედ ამიტომ ბევრ ქართველ დამფუძნებელს თავიდანვე უწევს საერთაშორისო მასშტაბზე ფიქრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ტექნოლოგიური სტარტაპისთვის.

აქ არის ძლიერი ტექნიკური ტალანტი, მზარდი სამეწარმეო კულტურა და უფრო და უფრო მეტი გუნდი, რომელიც ქმნის პროდუქტს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონული ან გლობალური ბაზრისთვის.

ამასთან, ეკოსისტემა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და სწორედ აქ ვხედავთ Plug and Play-ის მნიშვნელოვან როლს. შეგვიძლია ადგილობრივი ტალანტი დავაკავშიროთ საერთაშორისო გამოცდილებასთან, მენტორებთან, კორპორაციებთან და ინვესტორებთან.

ჩვენთვის საქართველო საინტერესოა არა მხოლოდ როგორც ცალკე ბაზარი. მას აქვს კარგი გეოგრაფიული პოზიცია და პოტენციალი, გახდეს ერთგვარი დამაკავშირებელი წერტილი ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის.

საქართველოში საქმიანობა GITA-სთან პარტნიორობით დაიწყეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ თანამშრომლობის როლი Plug and Play-ის ადგილობრივი ოპერაციების დაწყებასა და პროგრამის ფორმირებაში? როგორ გადანაწილდა პასუხისმგებლობები პარტნიორებს შორის?

GITA-სთან პარტნიორობა პროგრამის საფუძველია. მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ადგილობრივი ეკოსისტემის ცოდნა და ინსტიტუციური მხარდაჭერა, ასევე თავად პროგრამის დაფინანსება. „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა“ სრულად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ფინანსდება.

Plug and Play-ის როლი კი საერთაშორისო აქსელერაციის გამოცდილების, მეთოდოლოგიის, მენტორებისა და გლობალური ქსელის საქართველოში ჩამოტანაა. ჩვენ უშუალოდ ვმუშაობთ პროგრამის შინაარსზე, სტარტაპების განვითარებაზე, მენტორების შერჩევაზე, ვორქშოპებზე, ინდივიდუალურ სესიებსა და საერთაშორისო ბაზრებისთვის მომზადებაზე.

ვფიქრობ, სწორედ ამ ორი კომპონენტის კომბინაციაა მნიშვნელოვანი: GITA-ს ძალიან კარგი ცოდნა ადგილობრივი ეკოსისტემისა და Plug and Play-ის გლობალური გამოცდილება და ქსელი.

პროგრამის პირველი ნაკადი უკვე რამდენიმე ეტაპს მოიცავს: საწყის ეტაპზე 40 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 20-მა 50 000-ლარიანი გრანტი მიიღო, ხოლო შემდეგ 10-მა გუნდმა დამატებით 150 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. როგორ შეაფასებდით პირველი ნაკადის შედეგებს? რა არის ის მთავარი მიღწევები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ?

პირველი ნაკადი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან პირველად გვქონდა შესაძლებლობა, Plug and Play-ის გლობალური მეთოდოლოგია უშუალოდ ქართული სტარტაპების საჭიროებებზე მოგვერგო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ისიც, რომ 40 გუნდიდან 20 გადავიდა MVP ეტაპზე და მიიღო 50 000 ლარის გრანტი, ხოლო შემდეგ 10-მა გუნდმა დამატებით 150 000 ლარის დაფინანსება მიიღო და Global Market Entry ეტაპზე გააგრძელა მუშაობა.

თუმცა მხოლოდ რაოდენობრივ შედეგებს არ ვუყურებთ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ის ტრანსფორმაცია, რომელიც გუნდებმა ამ პერიოდში გაიარეს. ზოგმა მნიშვნელოვნად შეცვალა პოზიციონირება, ზოგმა უკეთ განსაზღვრა სამიზნე ბაზარი, ზოგმა გაყიდვების სტრატეგია გადააწყო, საერთაშორისო ბაზარზე პირველი ნაბიჯები გადადგა ან ინვესტორებთან საუბრისთვის მოემზადა.

ყველაზე მეტად სწორედ ეს პროგრესი გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ პროგრამა რეალურ გავლენას ახდენს სტარტაპების განვითარებაზე.

პროგრამა სამ ეტაპად, Founder & Market Fit, MVP და Global Market Entry, არის სტრუქტურირებული. როგორ იცვლება სტარტაპების განვითარების პროცესი თითოეულ ეტაპზე და რა კრიტერიუმებით აფასებთ, რამდენად მზად არის გუნდი შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად?

თითოეულ ეტაპს ძალიან განსხვავებული მიზანი აქვს.

Founder & Market Fit ეტაპზე პირველ რიგში გვაინტერესებს, რამდენად კარგად ესმის გუნდს პრობლემა, რომელსაც აგვარებს, ვინ არის მისი მომხმარებელი და რამდენად რეალურია ბაზრის საჭიროება. იდეა თავისთავად საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, არსებობდეს პრობლემა, რომლის გადაჭრისთვისაც მომხმარებელი რეალურად მზად არის პროდუქტი გამოიყენოს.

MVP ეტაპზე უკვე ყურადღება პროდუქტის შექმნასა და დახვეწაზე, მომხმარებელთან ტესტირებაზე, ბიზნესმოდელსა და პირველ ტრექციაზე გადადის.

Global Market Entry-ზე კი სრულიად სხვა კითხვები ჩნდება: რომელ ბაზარზე უნდა შევიდეს კომპანია, ვინ არის იქ მომხმარებელი, როგორ უნდა გაყიდოს პროდუქტი, როგორია კონკურენტული გარემო, რა უნდა შეიცვალოს პოზიციონირებაში და რამდენად არის გუნდი მზად ინვესტორებთან კომუნიკაციისთვის.

შემდეგ ეტაპზე გადასვლისას ერთი უნივერსალური მეტრიკა არ არსებობს. ვუყურებთ გუნდის პროგრესს, შესრულების უნარს, მომხმარებლისგან მიღებულ ვალიდაციას, პროდუქტს, ტრექციას და იმას, რამდენად ეფექტიანად იყენებს გუნდი პროგრამის რესურსებს.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საერთაშორისო მენტორებთან და ექსპერტებთან მუშაობაა. როგორია ქართველი დამფუძნებლების გამოცდილება ამ პროცესში? რა საკითხებში სჭირდებათ მათ ყველაზე ხშირად მხარდაჭერა და რა ტიპის გამოწვევები იკვეთება მენტორებთან მუშაობისას?

ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაწილი სწორედ საერთაშორისო მენტორებთან უშუალო მუშაობაა. ხშირად დამფუძნებელს საკუთარი პროდუქტი და ადგილობრივი ბაზარი ძალიან კარგად ესმის, მაგრამ როდესაც საერთაშორისო ექსპერტი სრულიად სხვა პერსპექტივიდან უსვამს კითხვებს, ბევრი ახალი საკითხი იკვეთება.

ყველაზე ხშირად ვმუშაობთ go-to-market სტრატეგიაზე, გაყიდვებზე, პოზიციონირებაზე, pricing-ზე, საერთაშორისო ბაზრის შერჩევაზე, fundraising-ზე და investor readiness-ზე.

ჩვენ შეგნებულად გვაქვს ბევრი 1:1 ფორმატი, რადგან ყველა სტარტაპს განსხვავებული გამოწვევა აქვს. ერთი გუნდისთვის პრობლემა პროდუქტის პოზიციონირებაა, მეორისთვის გაყიდვები, მესამისთვის კი ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია.

ჰაკათონებიც სწორედ ამისთვის შემოვიტანეთ. გვინდა, მენტორთან ურთიერთობა მხოლოდ საუბარი არ იყოს. გუნდი კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობს და სესიის ბოლოს რაღაც ხელშესახები შედეგი უნდა ჰქონდეს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად მზად არიან ქართული სტარტაპები საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად? რა არის მათი მთავარი ძლიერი მხარეები და რა მიმართულებებით აქვთ ყველაზე მეტი სამუშაო, პროდუქტის განვითარება, ბიზნესმოდელი, გაყიდვები თუ ინვესტორებთან კომუნიკაცია?

ქართული სტარტაპების ერთ-ერთი ძლიერი მხარე ტექნიკური შესაძლებლობა და მოქნილობაა. ხშირად ძალიან მცირე გუნდები საკმაოდ რთულ პროდუქტებს სწრაფად ქმნიან და რესურსებსაც ეფექტიანად იყენებენ.

თუმცა საერთაშორისო ბაზარზე წარმატებისთვის კარგი პროდუქტი მხოლოდ დასაწყისია.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც ხშირად ვხედავთ, არის გაყიდვები და go-to-market სტრატეგია. ზოგჯერ გუნდს ძალიან კარგი ტექნოლოგია აქვს, მაგრამ ნაკლებად მკაფიო პასუხი კითხვაზე, კონკრეტულად ვინ ყიდულობს ამ პროდუქტს, რატომ ყიდულობს და როგორ უნდა მივიდეთ ამ მომხმარებლამდე.

ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო მასშტაბზე ფიქრი. თუ საერთაშორისო ბაზარზე გადიხარ, კონკურენციას უკვე არა ადგილობრივ კომპანიებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპებს უწევ.

ამიტომ ჩვენი მუშაობის დიდი ნაწილი სწორედ mindset-ის შეცვლასაც ეხება: თავიდანვე იფიქრო არა მხოლოდ იმაზე, როგორ ააწყო პროდუქტი, არამედ როგორ ააწყო გლობალურად მასშტაბირებადი ბიზნესი.

Plug and Play-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი საერთაშორისო ქსელია, რომელიც სტარტაპებს ინვესტორებთან, მსხვილ კორპორაციებსა და სხვადასხვა ქვეყნის ინოვაციურ ეკოსისტემებთან აკავშირებს. კონკრეტულად რა შესაძლებლობებს ქმნის ეს ქსელი ქართველი დამფუძნებლებისთვის და როგორ ეხმარება მათ გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაში?

აქ არის Plug and Play-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება.

როდესაც სტარტაპი ახალ ბაზარზე გადის, მას მხოლოდ ინფორმაცია არ სჭირდება. სჭირდება სწორი ადამიანები, ადგილობრივი კონტექსტი, პოტენციური მომხმარებლები, პარტნიორები, ინვესტორები და ზოგჯერ ისეთი ადამიანი, ვინც უბრალოდ სწორ კარს გაუღებს.

Plug and Play-ის ქსელი სწორედ ამ კავშირებზეა აგებული. ჩვენ გლობალურად ვმუშაობთ კორპორაციებთან, ინვესტორებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა ტექნოლოგიურ ეკოსისტემებთან.

ქართული სტარტაპისთვის ამ ქსელში მოხვედრა ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე სრულიად ნულიდან აღარ იწყებს. შეუძლია მიიღოს უკუკავშირი კონკრეტული ბაზრის ექსპერტისგან, შეხვდეს პოტენციურ პარტნიორს ან ინვესტორს და უკეთ გაიგოს, როგორ უნდა მოარგოს საკუთარი შეთავაზება საერთაშორისო მომხმარებელს.

რა თქმა უნდა, კავშირი ავტომატურად წარმატებას არ ნიშნავს. სტარტაპმა თავად უნდა დაამტკიცოს საკუთარი ღირებულება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევამციროთ მანძილი მასსა და სწორ შესაძლებლობას შორის.

17 დეკემბერს დაგეგმილი Expo Day პირველი ნაკადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაჯამებელი ეტაპია. რას უნდა ველოდოთ ამ ღონისძიებისგან? რა შესაძლებლობას აძლევს ის მონაწილე სტარტაპებს და რა შედეგების წარმოდგენას გეგმავთ?

17 დეკემბრის Expo Day ჩვენთვის პირველი ნაკადის ძალიან მნიშვნელოვანი შემაჯამებელი ეტაპია.

გვინდა, ეს იყოს არა უბრალოდ პროგრამის დასრულების ღონისძიება, არამედ ადგილი, სადაც სტარტაპები შეძლებენ აჩვენონ, რა გზა გაიარეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა შეიცვალა მათ პროდუქტში, ბიზნესმოდელში, ტრექციასა და საერთაშორისო გეგმებში.

ღონისძიება გააერთიანებს სტარტაპეკოსისტემის წარმომადგენლებს, პარტნიორებს, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. მონაწილე გუნდებისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება საკუთარი კომპანიის წარმოსაჩენად, ახალი კავშირების შესაქმნელად და პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესის დასაფიქსირებლად.

ჩვენთვისაც Expo Day არის შესაძლებლობა, მთლიანობაში შევხედოთ პირველ ნაკადს და ვაჩვენოთ, რას ნიშნავს პრაქტიკაში ერთი წლის განმავლობაში სტარტაპთან ეტაპობრივად მუშაობა Founder & Market Fit-იდან Global Market Entry-მდე.

ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია განაცხადების მიღება 2027 წლის მეორე ნაკადისთვის. რა შეიცვლება ან განვითარდება ახალ პროგრამაში პირველი ნაკადის გამოცდილების გათვალისწინებით? როგორი პროფილის სტარტაპებს ეძებთ და რა იქნება შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები?

პირველმა ნაკადმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა და მეორე ნაკადში აუცილებლად გამოვიყენებთ ამ გამოცდილებას. განსაკუთრებით კარგად დავინახეთ პრაქტიკული ფორმატების, ინდივიდუალური 1:1 მუშაობისა და ჰაკათონების მნიშვნელობა, ამიტომ გვინდა, ეს კომპონენტები კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

რაც შეეხება სტარტაპების პროფილს, პროგრამა მხოლოდ უკვე მზა პროდუქტის მქონე კომპანიებისთვის არ არის. ჩვენთვის საინტერესოა როგორც გუნდი, რომელსაც უკვე აქვს MVP ან პირველი მომხმარებლები, ისე დამფუძნებელი, რომელიც ჯერ იდეის ან ადრეული ვალიდაციის ეტაპზეა.

საწყის ეტაპზე განსაკუთრებით ვუყურებთ პრობლემის მნიშვნელობას, ბაზრის პოტენციალს, გუნდის ხარისხს, ტექნოლოგიურ ან ინოვაციურ კომპონენტს და მასშტაბირების შესაძლებლობას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა და პასუხისმგებლობა. აქსელერაცია საკმაოდ ინტენსიური პროცესია და საუკეთესო შედეგს ის გუნდები იღებენ, რომლებიც მზად არიან მუდმივად იმუშაონ, მიიღონ კრიტიკული უკუკავშირი, გამოცადონ ახალი ჰიპოთეზები და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი თავდაპირველი ხედვაც შეცვალონ.

2027 წლის მეორე წლის ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

რას ურჩევდით იმ ქართველ დამფუძნებლებს, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავენ, თუმცა ჯერ არ იციან, რამდენად მზად არიან ამისთვის? რა უნდა ჰქონდეთ მომზადებული პროგრამაში განაცხადის შეტანამდე და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ აქსელერაციის პროცესისგან?

პირველ რიგში ვურჩევდი, არ დაელოდონ იმ მომენტს, როდესაც საკუთარ თავს „სრულად მზად“ ჩათვლიან. სტარტაპში ასეთი იდეალური მომენტი თითქმის არასოდეს დგება.

უფრო მნიშვნელოვანია, დამფუძნებელს ჰქონდეს ძალიან მკაფიო წარმოდგენა პრობლემაზე, რომლის გადაჭრასაც ცდილობს, და სურვილი, რომ საკუთარი ვარაუდები რეალურ მომხმარებლებთან გადაამოწმოს.

განაცხადის შეტანამდე კარგი იქნება, გუნდს შეეძლოს მარტივად ახსნას სამი რამ: რა პრობლემას აგვარებს, ვისთვის აგვარებს და რატომ აქვს ამ გადაწყვეტას მასშტაბირების პოტენციალი.

არ არის აუცილებელი იდეალური pitch deck, უზარმაზარი შემოსავალი ან სრულყოფილი პროდუქტი. განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია გუნდის ხარისხი, სწავლის სისწრაფე და ის, რამდენად ღიაა დამფუძნებელი უკუკავშირისთვის.

აქსელერაციისგან კი არ უნდა ელოდონ, რომ ვინმე მათ ნაცვლად ააშენებს ბიზნესს. კარგი აქსელერატორის ფუნქციაა სწორი კითხვები დაგისვას, სწორ ადამიანებთან დაგაკავშიროს და დაგეხმაროს, ბევრად სწრაფად მიხვდე, რა მუშაობს და რა არა.

დაბოლოს, როგორია Plug and Play Georgia-ს გრძელვადიანი ხედვა? რა როლის შესრულებას გეგმავთ ქართული სტარტაპეკოსისტემის განვითარებაში მომდევნო წლებში და რა შედეგის მიღწევა გსურთ, რომლითაც საქართველოში თქვენი საქმიანობის წარმატებას გაზომავთ?

ჩვენი გრძელვადიანი მიზანი არ არის უბრალოდ ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის სტარტაპის აქსელერაცია.

გვინდა, Plug and Play Georgia გახდეს ერთ-ერთი ხიდი ქართულ სტარტაპეკოსისტემასა და გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარს შორის.

წარმატებას მხოლოდ იმით არ გავზომავთ, რამდენმა გუნდმა გაიარა პროგრამა. ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენმა მათგანმა შეძლო საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, ინვესტიციის მიღება, საერთაშორისო პარტნიორობის შექმნა და მდგრადი კომპანიის აშენება.

ასევე გვინდა, რომ ამ პროცესს უფრო ფართო ეფექტი ჰქონდეს. ყოველი ძლიერი სტარტაპი, რომელიც საქართველოდან საერთაშორისო წარმატებას აღწევს, შემდეგი თაობის დამფუძნებლებისთვის ქმნის ცოდნას, გამოცდილებას, კაპიტალსა და მაგალითს.

თუ რამდენიმე წლის შემდეგ გვექნება უფრო მეტი ქართული კომპანია, რომელიც გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანია და Plug and Play-ის ქსელს საკუთარი საერთაშორისო ზრდისთვის იყენებს, სწორედ ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: forbes.ge
  1. მთავარი
  2. ფორბს საქართველო
  3. ხიდი ქართულ სტარტაპებსა და გლობალურ ბაზარს შორის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორბს საქართველო·11:47

ტრამპმა ახალი ტარიფები დააანონსა – შეუძლია თუ არა კონგრესს მათი გაუქმება?

ტრამპმა ახალი ტარიფები დააანონსა – შეუძლია თუ არა კონგრესს მათი გაუქმება?
ფორბს საქართველო·11:29

აშშ-ს არ აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთმა ელის ჰუანგს ჯენსენ ჰუანგთან რომანის დაწყება დაავალა

აშშ-ს არ აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთმა ელის ჰუანგს ჯენსენ ჰუანგთან რომანის დაწყება დაავალა
ფორბს საქართველო·11:01

ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას – ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან

ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე  შოპინგისას – ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.