სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა დაიწყო
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ, „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტი პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა. აშშ-ის მხარდაჭერილი ინიციატივა აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დააკავშირებს და სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო, სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ განხორციელების დაწყების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა და TRIPP-ს სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი უწოდა. პროექტის განხორციელებაში სომხეთი და აშშ ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას. ინიციატივას მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.
ფაშინიანის შეფასებით, დერეფანი არა მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანს დააკავშირებს, არამედ სომხეთს საერთაშორისო და შიდა სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და უცხოური ბაზრების ათვისების შესაძლებლობასაც მისცემს. სომხეთის პრემიერის განცხადებით, ინიციატივას ფართო რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობაც ექნება, რადგან ის კასპიის ზღვის გავლით აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო კავშირებს, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანს, გააძლიერებს.
სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. TRIPP-ის ფარგლებში გათვალისწინებულია სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ელექტროგადამცემი ქსელების დაკავშირება და, ამასთან ერთად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ამ უკანასკნელის დასრულებისთვის სამიზნე თარიღად 2028 წელი განისაზღვრა.
TRIPP-ის პრაქტიკულ ეტაპზე გადასვლას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მიმართვისას ტრამპმა TRIPP Development Company-ის შექმნის თაობაზეც გააკეთა განცხადება. „ტრამპის მარშრუტის“ განვითარებაზე პასუხისმგებელ ერთობლივ პროექტში აშშ-ის წილი 74% იქნება, სომხეთის კი — 26%. თუმცა პარტნიორობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, სომხეთის წილი 49%-მდეც გაიზარდოს.
სომხეთის ოფიციალური პირების განმარტებით, მიუხედავად ამ წილობრივი გადანაწილებისა, ერევანი დერეფნის ტერიტორიაზე კანონმდებლობაზე, საბაჟო პროცედურებსა და ადმინისტრირებაზე კონტროლს შეინარჩუნებს.
