ტრამპის თქმით, პუტინს სთხოვა, ევროპის მასშტაბით სამხედრო აგრესია შეაჩეროს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, გასულ კვირას ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ სურს, რუსეთმა მთელი ევროპის მასშტაბით სამხედრო აგრესია შეწყვიტოს. ტრამპი იმედოვნებს, რომ ამან შესაძლოა უკრაინის ომის სწრაფ დარეგულირებას შეუწყოს ხელი.
„ჩინეთში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას, დიდი დრო დავუთმე იმის განხილვას, რომ ვისურვებდი, პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის ტერიტორიებზე ნებისმიერი სამხედრო აგრესია შეწყვიტოს. ამის მიზანია, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგეს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად“, – დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე – „მჯერა, რომ ამის რეალური შანსი არსებობს. ყოველთვიურად ათასობით ადამიანი იღუპება, ეს ხომ ნამდვილი სისხლისღვრაა“.
ტრამპი აქამდეც არაერთხელ გამოსულა უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების მოწოდებით, თუმცა ფრაზა „ევროპის ტერიტორიებზე“ მიანიშნებს, რომ საუბარი მხოლოდ უკრაინაში არსებულ ბრძოლის ველს სცდება.
ტრამპს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ქმედებების შეწყვეტას სთხოვდა პუტინს. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვა ქვეყნებმა რუსეთს არაერთხელ დასდეს ბრალი პროვოკაციულ ქმედებებში.
მოგვიანებით ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის მოსაზრებას, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს. თუმცა ტრამპმა, რომელიც დიპლომატიას ხშირად პირადი ურთიერთობების ჭრილში განიხილავს, აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებული მტრობა მოლაპარაკებებს ართულებს.
„ურთიერთობების დარეგულირების მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ საქმე გვაქვს ორ ლიდერთან, რომლებიც ერთმანეთს გულწრფელად ვერ იტანენ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დაესწრება თუ არა პუტინი მომავალ თვეში ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის სამიტს და გამოთქვა ეჭვი, რომ რუსეთის ლიდერს 14-15 დეკემბრის შეხვედრაზე დასწრება სურს.
ტრამპი პუტინს ბოლოს გასულ კვირას ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
დავით ბერაძეI specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.

