მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პეტრე-პავლობის გაკვეთილები
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პეტრე-პავლობის გაკვეთილები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პეტრე-პავლობის გაკვეთილები

ფორმულა|formulanews.ge

დღეს მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს - ორი, როგორც მათ ვუწოდებთ, „თავი მოციქულის“ ხსენების დღეს, რომლებიც ქრისტეს გზაზე სრულიად განსხვავებული ადგილიდან მოვიდნენ.

პეტრე ქრისტეს უახლოესი მოწაფე იყო, მაგრამ განსაცდელის წუთებში შიშმა ძლია და სამჯერ უარყო იგი. პავლე კი თავდაპირველად ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი გახლდათ, დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტებას ემსახურებოდა.

ერთი შიშმა გატეხა, მეორე კი მცდარმა რწმენამ აქცია მდევნელად.

მათი სიდიადე იმაში არ ყოფილა, რომ არასოდეს შემცდარან. მთავარი ის იყო, რომ შეცდომის შემდეგ ძველ ადამიანებად აღარ დარჩენილან. პეტრემ საკუთარი სისუსტე აღიარა და პასუხისმგებლობა იტვირთა. პავლემ კი ძალა და შეუპოვრობა, რომლითაც მანამდე სხვებს დევნიდა, სრულიად საპირისპირო მიზანს მოახმარა.

მათი წარსული არ გამქრალა, მაგრამ წარსულმა ვეღარ განსაზღვრა მათი მომავალი.

იქნებ სწორედ ეს არის პეტრე-პავლობის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი დღევანდელი საქართველოსთვისაც - ქვეყნისთვის, სადაც ადამიანებს კვლავ უწევთ არჩევანის გაკეთება შიშსა და სინდისს შორის, დუმილსა და სიმართლის თქმას შორის, პირად, მოჩვენებით სიმშვიდესა და მოყვასის დაცვას შორის.

ჩვენთანაც ბევრი ადამიანი გადის გზას, რომელზეც შეიძლება შეშინდე, შეცდე, დაიღალო ან უკან დაიხიო. მაგრამ ადამიანის საბოლოო სახეს ეს წუთი არ განსაზღვრავს. განსაზღვრავს ის, რას გააკეთებ შემდეგ. დარჩები შიშთან, თუ დაუბრუნდები სიმართლეს. შეეგუები უსამართლობას, თუ დაინახავ, რომ დევნილთან, პატიმართან, ნაცემთან და დამცირებულთან დგომა მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია არ არის. ეს ადამიანური და ქრისტიანული პასუხისმგებლობაა.

პეტრე და პავლე ერთმანეთის მსგავსნი არ ყოფილან. განსხვავებული ხასიათი, გამოცდილება და გზაც ჰქონდათ. მათი უთანხმოებების შესახებაც ვიცით, მაგრამ ამ განსხვავებულობამ საერთო მისია ვერ დაასუსტა.

ესეც მნიშვნელოვანი გაკვეთილია ქვეყნისთვის, სადაც ერთიანობა ხშირად ერთნაირობაში გვერევა. ერთიანობა არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირად უნდა ფიქრობდეს ან ერთ პოლიტიკურ გზას ირჩევდეს. ერთიანობა ნიშნავს, რომ თავისუფლება, ადამიანის ღირსება და სიმართლე უფრო მაღლა დავაყენოთ, ვიდრე პირადი ამბიცია, წყენა და ჯგუფური ინტერესი.

ქრისტიანობა ძალაუფლების დეკორაციად, მით უმეტეს, მის ინსტრუმენტად არ უნდა ვაქციოთ.

ჩვენი ნამდვილი გამოცდა იქ იწყება, სადაც სიმართლის თქმას ფასი აქვს; სადაც სუსტის დაცვა საფრთხეს ქმნის; სადაც ადამიანისგან ითხოვენ, სინდისის ნაცვლად ძალას დაემორჩილოს.

პეტრესა და პავლეს გზა გვახსენებს, რომ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს. შეშინებულს შეუძლია გამბედაობა იპოვოს. შემცდარს - შეცდომა აღიაროს. დევნის თანამონაწილეს - დევნილის დამცველი გახდეს. და ქვეყანასაც, რომელსაც გზა აებნა, ქრისტეს გზა კვლავ შეუძლია იპოვოს.

ამისთვის სრულყოფილი ადამიანები არ გვჭირდება. გვჭირდება ადამიანები, რომლებიც გადამწყვეტ წუთში სწორ არჩევანს გააკეთებენ. რადგან საბოლოოდ ქვეყანას ისინი ცვლიან, ვინც შიშის მიუხედავად სიმართლესა და ჭეშმარიტებას უბრუნდება და ამ არჩევანის ფასსა და სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებს.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტიქია თელავში – დატბორილია სახლები, მაღაზიები და ქუჩები

სტიქია თელავში – დატბორილია სახლები, მაღაზიები და ქუჩები

ფორმულა

თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ფორმულა

უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, ათი ტანკერი და ოთხი ბორანი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, ათი ტანკერი და ოთხი ბორანი დაბომბა

ფორმულა

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

ფორმულა