
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში 91 პოლიტპატიმარია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI Georgia) ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციამ აღნიშნული სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012)-ე რეზოლუციით დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეადგინა.
21 ივლისს, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, TI-ს ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა ხუთიდან ერთზე მეტ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
„ეს არის დიდი შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში. პოლიტიკური პატიმრების ესოდენ დიდი რაოდენობა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებაზე“, — აღნიშნა სანდრო ბარამიძემ.
ორგანიზაციის განმარტებით, თითოეული საქმე შეფასდა ინდივიდუალურად — საქმის გარემოებების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
ევროპის საბჭოს სამართლებრივი ტესტის მიხედვით, პირი მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი დაკავება უკავშირდება: ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, პოლიტიკური მოტივებით დაკავებას (როდესაც ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არ აქვს) აშკარად არაპროპორციულ სასჯელს დისკრიმინაციულ მოპყრობას, უსამართლო სასამართლო პროცესსა და სამართალწარმოების დარღვევებს.
ანგარიშის თანახმად, ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ: მზია ამაღლობელი — გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და რედაქტორი. ელენე ხოშტარია — ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ ლიდერი.
ბრიფინგზე ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება პირდაპირ ამახინჯებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და მოქალაქეებს პოლიტიკური მოტივებით სჯის. მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესებზე ხშირად იკითხებიან „ცრუ მოწმეები“, სხდომები დახურულია მედიისთვის და ირღვევა ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებები.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას. ხელისუფლების პოზიციით, ყველა დაკავებული პირი სასჯელს იხდის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის და არა პოლიტიკური შეხედულებებისა თუ საქმიანობის გამო. მმართველი გუნდი ტერმინ „პოლიტპატიმარს“ პოლიტიკურ სპეკულაციად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს.
მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტი, Freedom House და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას პერიოდულად მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თუ აქტივისტები.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge