
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
სამშაბათს შუადღისას, სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრამ ეპიცენტრთან ხანძრები გამოიწვია, დააზიანა შენობები და მაგისტრალები. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 50 ადამიანი.
პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:27 საათზე, იაპონიის მთავარი კუნძულებიდან ყველაზე სამხრეთით მდებარე კიუსიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუმამოტოს პრეფექტურის სანაპირო ქალაქ უტოსთან ახლოს მდებარეობდა.
ჰონოლულუს ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა და იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იაპონიის დროით 16:30 საათიდან მალევე გამოსცეს ცუნამის გაფრთხილება. გაფრთხილება განსაკუთრებით არიაკესა და იაცუშიროს ზღვების სანაპირო ზონებისთვის იყო განკუთვნილი. ჰონოლულუს დასკვნით, ჰავაისთვის, წყნარი ოკეანის კუნძულებისა და დასავლეთ სანაპიროსთვის ცუნამის საფრთხე არ არსებობდა. ცენტრის განცხადებით, ადგილობრივი დროით 17:14 საათისთვის ცუნამის საფრთხემ გადაიარა და გაფრთხილება მოიხსნა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის მიწისძვრები კვლავ არის მოსალოდნელი.
საღამოს 17:00-18:00 საათებისთვის, კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, კუმამოტოს პრეფექტურაში შვიდი ხანძარი გაჩნდა. პრეფექტურის პოლიცია აცხადებს, რომ ამჟამად დაფიქსირებულია ჩამონგრეული სახლების 12 და შენობებში ჩარჩენილი ადამიანების 4 შემთხვევა. იმავდროულად, იაპონურმა ენერგოკომპანია „Kyushu Electric“-მა განაცხადა, რომ კუმამოტოსა და მიმდებარე პრეფექტურებში 48 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
მიწისძვრის ძალამ ადგილობრივ სატრანსპორტო კავშირებზეც იმოქმედა, რამაც შესაძლოა სამაშველო სამუშაოები გაართულოს. მიწისძვრის შედეგად დაიკეტა რკინიგზის სადგური და აეროპორტი.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge