
ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.
ნატროშვილის თქმით, ბარამიძის დაკავება არ არის სამართლებრივი და ის უფრო პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.
ნატროშვილი აღნიშნავს, რომ მსგავს განცხადებების გამო ადამიანის დაჭერა სამართლებრივად გამართლებული რომ იყოს, პირველ რიგში "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები იქნებოდნენ დასაკავებელი.
"გიორგი ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, თორემ მხოლოდ მსგავსი განცხადებების გამო ადამიანის დაჭერა სამართლებრივად გამართლებული რომ იყოს, ბევრი სხვა პოლიტიკოსიც, პირველ რიგში კი „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, იქნებოდნენ დასაჭერი.
როგორც პროკურატურის განცხადებიდან იკვეთება, გიორგი ბარამიძეს საბოტაჟის მუხლით ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ მისი საჯარო განცხადების გამო წარუდგინეს, კერძოდ, იმ ინტერვიუში გამოთქმული აზრის გამო, რომელიც მან გადაცემა „საქართველოს დაბადებას“ მისცა.
ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი. ადამიანმა და განსაკუთრებით პოლიტიკოსმა, რომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით არის დაცული, რაც არ უნდა სისულელე ან/და არასწორი აზრი გამოთქვას, მხოლოდ ეს ვერ იქნება დანაშაული.
პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიორგი ბარამიძემ წინასწარი განზრახვით და შეგნებულად დაგეგმა და განახორციელა დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასაზიანებლად, ასევე, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ჯგუფების რეპუტაციის შესალახად და სამშვიდობო პროცესის საფრთხის ქვეშ დასაყენებლად.
თუმცა, პროკურატურამ არც ერთი მტკიცებულება არ წარმოადგინა, კონკრეტულად რაში გამოიხატა და რით მტკიცდება ეს წინასწარი განზრახვა. სავარაუდოდ, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, სხვა შემთხვევაში, პირველად მაგას გაგვიზიარებდნენ.
გარდა ამისა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მოითხოვს ბარამიძის წინასწარ პატიმრობას. ესეც სრულიად დაუსაბუთებელია, რა საჭიროა აქტიური პოლიტიკოსის წინასწარი პატიმრობა: მიმალვის საფრთხე არსებობს, დანაშაულის განმეორებით ჩაიდენს თუ მოწმეებზე მოახდენს ზეწოლას ან მტკიცებულებებს გაანადგურებს?!
ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, თორემ მხოლოდ მსგავსი განცხადებების გამო ადამიანის დაჭერა სამართლებრივად გამართლებული რომ იყოს, ბევრი სხვა პოლიტიკოსიც, პირველ რიგში კი „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, იქნებოდნენ დასაჭერი", - წერს ნატროშვილი.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge