
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ცოფიანი ძაღლი
ცოფიანი ძაღლი ეს "დროების" ამ სატელევიზიო სეზონის ბოლო ედიტორიალია.
არც გასული თვეების ქრონოლოგიის გახსენება მინდა და არც ფაქტების ჩამოთვლა. მინდა მხოლოდ ერთი აზრი დავტოვო - ის, რასაც სხვადასხვა ფორმით მთელი სეზონი ვამბობდი, მაგრამ დღეს ყველაზე პირდაპირ უნდა ითქვას.
ჩემთვის თანამედროვე პუტინის რუსეთი ცოფიანი ძაღლია.
ცოფიანი ძაღლის დანახვისას ადამიანს ეშინია, თავს იცავს, გვერდს უვლის, ფრთხილობს. ეს ბუნებრივია. ამას ვერავის დავუწუნებ. ვერც მე დამწამებს ვინმე ზედმეტ რადიკალიზმს. პირიქით - წლების განმავლობაში ლამის კონსტრუქციულობის ეტალონობასაც "მაბრალებდნენ", ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ არცთუ დადებითი კონოტაციით.
ამიტომ კარგად მესმის, რომ რუსეთისგან თავის დაცვა, დაზღვევა, გარიდება და სიფრთხილე გვმართებს. პატარა ქვეყანას, რომელსაც ამ სახელმწიფოსგან არაერთი ისტორიული ჭრილობა აქვს მიღებული, განსაკუთრებული გონიერება სჭირდება.
მაგრამ არის ზღვარი, რომლის იქითაც სიფრთხილე მთავრდება და დიდი, ყოვლის დამანგრეველი ტყუილი იწყება. ერთია, ცოფიან მტაცებელს მოერიდო და სრულიად სხვაა, საკუთარ ხალხს უმტკიცო, რომ ის სინამდვილეში კეთილი, სათუთი, ჯანსაღი და მისაბაძი არსებაა.
ვინც დღევანდელ რუსეთს ქრისტიანობის, ტრადიციული ღირებულებებისა და ქართული იდენტობის დამცველად წარმოგვიდგენს, ან ბრმაა, ყრუა და გაუნათლებელი - ან შეგნებული მანიპულატორი.
უმეტეს შემთხვევაში კი ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაბნეულ, შეშინებულ და გაჭირვებულ ქართულ საზოგადოებას მიზანმიმართულად ატყუებენ. მტრული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან და ამ სამსახურს პატრიოტიზმად, სულიერებად, ტრადიციის დაცვად და ქრისტიანობად გვასაღებენ.
ჩემთვის სხვა სახელი ამას არ აქვს.
ვინც პუტინის რუსეთს ქართულ საზოგადოებას მაგალითად უსახავს, ის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს უპირისპირდება.
წარსულს - რადგან რუსეთისგან მიღებული ჭრილობების დავიწყებას გვთხოვს.
აწმყოს - რადგან ოკუპაციას, შიშსა და დამცირებას ნორმალურ მდგომარეობად გვასაღებს.
მომავალს - რადგან თავისუფლებისა და განვითარების ნაცვლად მორალურად, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად დაცემული იმპერიისკენ გვექაჩება.
განსაკუთრებით სამარცხვინოა, როდესაც ეს ადამიანები ლანძღავენ უკრაინელებს - ხალხს, რომელიც ამ აგრესიას საკუთარი სიცოცხლით აჩერებს; დასცინიან მათ ბრძოლას და მათ ლიდერებს, ხოლო ომის დამწყებს, მკვლელსა და ჯალათს პატივისცემით შეჰყურებენ.
როდესაც მსხვერპლს მორალს უკითხავ და მოძალადეს სიბრძნის, სიმტკიცისა და ქრისტიანობის მაგალითად ასაღებ, ეს ვერ იქნება ვერც მშვიდობის სურვილი, ვერც პრაგმატიზმი და ვერც რწმენა.
ეს არის მორჩილება მოძალადისადმი და ზიზღი მსხვერპლისადმი. ეს ჩემთვის მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა არაა. ეს არის მორალური არჩევანი, ანუ ის რის გამოც ადამიანს ან ვაფასებ, ან არა. და ამიტომ მინდა ეს შეფასება არქივისთვისაც დავტოვო. თუ ვინმე საკუთარ თავს ამ სიტყვებში ამოიცნობს - ნაცნობი იქნება თუ უცნობი - იცოდეს: მე არ განგიკითხავთ იმისთვის, რომ საფრთხის გეშინიათ. ცოფიანი ძაღლის შიში ბუნებრივია.
მე განგიკითხავთ იმიტომ, რომ ამ ცოფიან ძაღლს "ბავშვებს აფერებინებთ", კეთილ არსებად ასაღებთ და ხალხს მისკენ უბიძგებთ. მე განგიკითხავთ იმიტომ, რომ შიშს სიბრძნედ ასაღებთ, მონობას - მშვიდობად, ღალატს - პრაგმატიზმად, ხოლო რუსეთის მსახურებას - საქართველოს სიყვარულად. და როდესაც ამას ქრისტიანობის სახელით აკეთებთ, ქრისტიანობასაც არცხვენთ. ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი მთელი ამ სეზონის განმავლობაში.
აგვისტოში ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით - უბრალოდ, არა "დროების" ფორმატში. ხოლო ამ სეზონის ბოლო ედიტორიალს ერთი სურვილით დავასრულებ: ჯერ ვერ გეტყვით, რომ ღმერთმა შეგინდოთ.. მაგრამ მთელი გულით ვთხოვ - გონს მოგიყვანოთ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge